"საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტზე დასკვნის თანაავტორი ჯეიმს ჰემილტონი მიიჩნევს, რომ კომისიის მიერ ჩამოყალიბებული რეკომენდაციების განხორციელება გარკვეული დროის განმავლობაში საქართველოში მოსამართლეეების დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს. ჰემილტონის კომენტარს რადიო "თავისუფლება" ავრცელებს.
"მოსამართლეთა დამოუკიდებლობა კომპლექსური და ფართო საკითხია, მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, რომ იუსტიციის ისეთი უმაღლესი საბჭო, რომელიც დაიცავს სასამართლო სისტემას და მის დამოუკიდებლობას", _ აღნიშნა ვენეციის კომისიის დასკვნის თანაავტორმა ჯეიმს ჰემილტონმა.
მისივე თქმით, საქართველოში მოსამართლეთა დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად სხვა ნაბიჯებიც უნდა გადაიდგას. კერძოდ, ჰემილტონი მიიჩნევს, რომ თუკი ყოველთვის მთავრობის შეცვლა გამოიწვევს არსებული საბჭოს მანდატის შეწყვეტას და მისი ახალი პირებით შეცვლას, მაშინ საკითხი პოლიტიზებული ხდება - საბჭო ხდება ახალი ხელისუფლების შექმნილი და ამ პირობებში ძნელი იქნება ისეთი საბჭოს ფორმირება, რომელიც რეალურად დამოუკიდებელი იქნება.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტის თაობაზე ვენეციის კომისიამ გუშინ იმჯელა. კომისიის დასკვნა მომავალ კვირაში გახდება ცნობილი.
ამასთან, კანონპროექტი პარლამენტს პირველი მოსმენით, პრინციპების დონზე უკვა დამტკიცებული აქვს.
ცვლილებები "საერთო სასამართლოების შესახებ", "საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინარული სამართალწარმოების შესახებ", "იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესახებ" კანონებში და "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" აისახება.
იზრდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და სადისციპლინო კოლეგიის დამოუკიდებლობის ხარისხი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისგან და უზრუნველყოფილი ხდება საზოგადოების წარმომადგენლობის მონაწილეობა საბჭოს საქმიანობაში. ამავე ცვლილებებით, საზოგადოებრივ მაუწყებელს სასამართლო პროცესის შეუზღუდავად გადაღების შესაძლებლობა ეძლევა.
კანონპროექტთა პაკეტით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების ახალი წესი განისაზღვრება – საბჭოს ექვს არამოსამართლე წევრს პარლამენტი საზოგადოების წარმომადგენლებისგან აირჩევს.
ასევე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებისა და მდივნის არჩევას უზრუნველყოფს მოსამართლეთა კონფერენცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინების გარეშე. პროექტის თანახმად, კონფერენციის მიერ არჩეული წევრი არ შეიძლება იყოს სასამართლოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მოადგილე, კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარე ან პირი, რომელიც რომელიმე ასეთ თანამდებობაზე უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში იმყოფებოდა.
ერთი და იმავე პირი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრდა არ შეიძლება გამწესდეს ზედიზედ ორჯერ, გარდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა.
ამასთან, პროექტის გათვალისწინებით, მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციულ კომიტეტს უხელმძღვანელებს არა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, არამედ მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული პირი, ხოლო კანდიდატის დასახელების უფლება აქვს მოსამართლეთა კონფერენციაზე დამსწრე ნებისმიერ მოსამართლეს.
პროექტით ასევე ხდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების გამიჯვნა სადისციპლინო კოლეგიის წევრებისაგან.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იუსტიციის სამინისტრომ საკანონმდებლო პაკეტის ინიცირებისას პარლამენტს მისი დაჩქარებული წესით განხილვის თხოვნით მიმართა, რასაც თავდაპირველად საკანონმდებლო ორგანო დასთანხმდა კიდეც, თუმცა პარლამენტის ბიურომ აღნიშნული გადაწყვეტილება შეცვალა და პროექტის ჩვეულებრივ რეჟიმში განხილვისა და დამტკიცების გადაწყვეტილება მიიღო.