საქართველოს პარლამენტი არასამთავრობოების მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების განხილვას, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად საზოგადოებრივი მაუწყებლის მმართველი ორგანოების არჩევისა და მათი ფუნქციონირების ახალ წესებს გულისხმობს, მომავალი კვირიდან დაიწყებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განუცხადა.
მისივე განმარტებით, გუშინ ღამე ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიიღო საზოგადოებრივი მაუწყებლის 350-მდე თანამშრომლის ხელმოწერა, რომლებიც სამეურვეო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით უკმაყოფილოები არიან.
"მე რამდენიმე დღის წინ საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლებთან მქონდა შეხვედრა, როცა ისინი თავად ჩამობრძანდნენ ქუთაისში. მათ მითხრეს, რომ შრომითი კოლექტივის უდიდესი ნაწილი უკმაყოფილოა საბჭოს გადაწყვეტილებით და დამპირდნენ, რომ ხელმოწერებს მომაწვდიდნენ. გუშინ, გვიან ღამით მივიღე ხელმოწერები ელექტრონული ფოსტის საშუალებით და ის დაახლოებით 350-მდე ადამიანის ხელმოწერას წარმოადგენს. ეს ხალხი ითხოვს სამართლიანობის აღდგენას და საბჭოს მხრიდან არა რომელიმე პოლიტიკური ძალის, არამედ ტელევიზიისთვის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღებას. ამასთან, პარლამენტი მომავალი კვირიდან იწყებს იმ კანონპროექტის განხილვას, რომელიც არასამთავრობოების მიერ მომზადდა და ბევრ სხვა საკითხთან ერთად ითვალისწინებს ტელევიზიის მმართველი ორგანოების არჩევას და მათ ფუნქციონირებას გაცილებით დემოკრატიული და სამართლიანი წესებით", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ამასთან, მისივე განმარტებით როგორც მისთვის გახდა ცნობილი, ტელევიზიაში შექმნილ ვითარებას მას უკავშირებენ, რასაც იუმორით უყურებს.
"მე მითხრეს, რომ თურმე ისე გაჟღერებულა საკითხი, თითქოს ჩემი ბრალია ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენები. ასე რომ იყოს, მე კმაყოფილი ვიქნებოდი, რადგან ძალიან მარტივად მოვახერხებდი ამ საკითხების გადაჭრას. სამწუხაროდ, საზოგადოებრივ მაუწყებელში პრობლემები გროვდებოდა წლების განმავლობაში და ახლა, როცა იქ თავისუფლებამ შეაღწია, პრობლემები ზედაპირზე ამოვიდა. ჩემი რჩევა იქნება - ყველამ პასუხისმგებლობით გააგრძელოს ცხოვრება. ტელევიზიამ უნდა იმუშაოს შეფერხების გარეშე, რადგან ის ეკუთვნის საზოგადოებას და არა რომელიმე ხელისუფლებას", -აღნიშნა უსუფაშვილმა.