საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა გაუქმებულია , - ამის შესახებ სპეციალურ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლებულმა ხათუნა ბერძენიშვილმა განუცხადა.
"სულ ცოტა ხნს წინ, მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ ბრიფინგს ვატარებდი, გამოაქვეყნეს საზოგადოებრივი მაუწყებლის სტრუქტურა. გინახავთ სადმე ტელევიზია, სადაც შეიძლება საინფორმაციო სამსახურს ხელმძღვანელი არ ჰყავდეს?! მე ხელთ მიპყრია საზოგადოებრივი მაუწყებლის სტრუქტურა, სადაც იმიტომ, რომ მე დავრჩე სამსახურის გარეშე, საინფორმაციო სამსახურს ხელმძღვანელი არ ჰყავს, გაუქმებულია. გაუქმებულია ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმართულების დეპარტამენტი. ამ სტრუქტურით, როგორც ირკვევა, საინფორმაციო სამსახურს უნდა უხელმძღვანელოს ტექნიკურმა ხელმძღვანელმა", - აღნიშნა ბერძენიშვილმა.
მისივე განმარტებით, მას გიორგი ბარათაშვილის შუამავლობით ირაკლი ტრიპოლსკიმ ჯერ ფული, შემდეგ კი სხვა თანამდებობაზე გადასვლა შესთავაზა. ამასთან, ბერძენიშვილის ინფორმაციით, მას გენერალური დირექტორის მრჩევლის თანამდებობას სთავაზობდნენ. "ასეთი თანამდებობა აქამდე არ ყოფილა ბუნებაში და ახლა მოიფიქრეს", - დასძინა მან.