პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრთან დღეს არანაირი შეხვედრა "დათქმული" არ ყოფილა.
"დღეს დილით ტელევიზიით გავიგე, რომ თურმე შეხვედრა ჩაიშალა და ის ჩავშალეთ ჩვენ. თავი დავანებოთ იმ უცნაური და აგრესიული გამონათქვამების კორიანტელს, რომელიც დღეს იქნა გამოყენებული. მინდა ვთქვა, რომ არანაირი შეხვედრა დღეს დათქმული არ ყოფილა, მით უმეტეს არც ადგილი და არც საათი", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრაზე.
ამასთან, ქვეყნის პირველი პირის თქმით, ის პრემიერთან შესახვედრად მზადაა, თუმცა, მთავრობის თავმჯდომარეს მოუწოდებს, ამ საკითხს სერიოზულად მიუდგეს. "ვფიქრობ, უნდა მოვეშვათ არასერიოზულ გაურკვეველ მანევრებს, შეხვედრა აუცილებლად უნდა შედგეს, ოღონდ არა შეხვედრისთვის, არამედ იმისთვის, რომ მოვილაპარაკოთ. ჩვენ ამისთვის მზად ვართ და იმედია, საკითხს პრემიერ-მინისტრიც სერიოზულად მიუდგება და სათანადოდ და გულდასმით მოემზადება ასეთი შეხვედრისთვის", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილის თქმით, ის პრემიერთან შესახვედრად ორშაბათს დილიდან მზად იქნება. "ორშაბათს დილიდან, ვფიქრობთ, მოვნახავთ საშუალებას შევხვდეთ ნებისმიერ ადგილზე და საგნობრივად ვისაუბროთ. ესაა ჩვენი ინიციატივა და ეს უნდა იყოს სერიოზული, საგნობრივი, შინაარსიანი, შედეგის მომტანი შეხვედრა. ამასთან, საქართველოს პრემიერს აქვს პირდაპირი
სატელეფონო კავშირი ჩემთან და არ გვჭირდება გაფუჭებული ტელეფონის თამაში, "ფეისბუქი", ულტიმატუმები და მით უმეტეს, შეურაცხმყოფელი საუბარი. შეგვიძლია წყნარად ავიღოთ ტელეფონის ყურმილი, დავთქვათ, შევხვდეთ, მოვილაპარაკოთ, მით უმეტეს, რომ ვფიქრობ, ყველა საკითხი გადაწყვეტადია", - აღნიშნა სააკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ ის დღეს პრეზიდენტს უნდა შეხვედროდა, თუმცა, სააკაშვილმა "გადაიფიქრა".