ბაჩო ახალაიას, გიგი კალანდაძის და მათთან ერთად ბრალდებული ექვსი პირის წინასასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ 13:00 საათზე განახლდება.
დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ სასამართლს მტკიცებულებების ნუსხა გააცნო. მათ შორის, ბრალდებულების ადვოკატებმა მოითხოვეს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის, მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის, მისი მოადგილისა და შს სამინისტროს გამომძიებლის დაკითხვა. ასევე, დაცვის მხარემ მოითხოვა საქმეს დაერთოს "BBჩ"-ს ფილმი, რომელიც ბაჩო ახალაიას შესახებ არის მომზადებული და ასევე დაერთოს ნატო-ს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადება, საქართველოში ყოფილი მაღალჩინოსნების ბოლო დროინდელ დაკავებებთან დაკავშირებით.
ბაჩო ახალაიას ადვოკატმა ასევე მოითხოვა საქმეს დაერთოს თეა თუთბერიძის მიერ გავრცელებული ვიდეომასალა, სადაც ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ჩვენების მიმცემი ორი პირი ამბობს, რომ მათ ზეწოლის შედეგად მიაცემინეს ჩვენება.
ბრალდების მხარემ დაცვის მხარის აღნიშნული მოთხოვნები უსაფუძვლოდ მიიჩნია და აღნიშნა, რომ დაცვის მხარის არც ერთი მოთხოვნა საქმესთან შემხებლობაში არ არის. პროკურორების ამ განცხადებას გამოეხმაურა ბრალდებული ბაჩო ახალაია, რომელმაც აღნიშნა, რომ ის დისკები და ფირები, რომელიც დაცვის მხარემ დაასახელა, საქმეს უნდა დაერთოს იქიდან გამომდინარე, რომ მათი ნახვის შემდეგ ცნობილი გახდება როგორ მიმდინარეობდა წვრთნები რეალურად, სადაც ასახულია წამების იმიტირებული კადრები, რომელიც წვრთნების შემადგენელი ნაწილია. "მეგონა ნამუსი მაინც გეყოფოდათ და ჩვენს მიერ ძლივს მოპოვებულ მტკიცებულებებს საქმეზე დაუშვებდით", - აღნიშნა ბაჩო ახალაიამ სასამართლო პროცესზე.
მოსამართლეს დაცვის მხარის შუამდგომლობაზე გადაწყვეტილება არ მიუღია და ხვალინდელ პროცესზე საქლაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძე აღნიშნულ შუამდგომლობაზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.