იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის იურიდიულ განათლებასთან დაკავშირებით "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" სიუჟეტი მოამზადა.
სიუჟეტის თანახმად, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია. აღნიშნულ ინფორმაციას ტელეკომპანიას თსუ-ს სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსი დალი კანდელაკი უდასტურებს.
კერძოდ, იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, თეა წულუკიანმა 1997 წელს წარმატებით დაამთავრა თსუ-ს საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, თუმცა, როგორც დალი კანდელაკი აცხადებს, აღნიშნული ფაკულტეტი ორი სხვადასხვა სპეციალობის ადამიანებს ამზადებს.
მისივე განმარტებით, უნივერსიტეტის არქივში დაცული დიპლომის თანახმად, საგამოცდო კომისიამ თეა წულუკიანს საერთაშორისო ურთიერთობების მცოდნის კვალიფიკაცია მიანიჭა, სპეციალობით - საერთაშორისო ურთიერთობები.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის უმაღლესი იურიდიული განათლებით საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე დაინტერესდა. როგორც დეპუტატმა სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე დაწერა, აღნიშნული კითხვა შემთხვევით არ გასჩენია.
"ორი დღეა კონსულტაციებს გავდივარ იურისტებთან და ექსპერტებთან, გულდასმით შევისწავლე ქ-ნი თეა წულუკიანის ოფიციალურად გამოქვეყნებული ბიოგრაფია და მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო: არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, პასუხი არ იკითხება. როგორც მატყობინებენ, იუსტიციის სამინისტრომ თავი შეიკავა ამ კითხვაზე პასუხისგან, რაც თავისთავად აძლიერებს ეჭვებს. არადა, ყველაფერი მარტივადაა: თუ მას აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, კითხვები აღარ არსებობს, ხოლო თუ არ აქვს, მაშინ კანონი ირღვევა", - აცხადებს გოგა ხაჩიძე.