„ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი აცხადებს, რომ ახალციხეში, რაბათის კომპლექსში ობიექტების დახურვისა და მისი ტურისტებისგან დაცარიელების მთავარი მიზეზი ისაა, რომ პროკურატურას სისხლის სამართლის საქმეები აქვს აღძრული ადგილობრივი გამგებლის, გამგეობის თანამშრომლების და რესტორნის მომსახურე პერსონალის წინააღმდეგ. მისი თქმით, ასევე, დაიკითხნენ კომპლექსში მომუშავე სავაჭრო ობიექტების მენეჯერები.
მერაბიშვილის თქმით, რაბათის კომპლექსი ფაქტიურად „მკვდარ ქალაქად“ არის ქცეული.
„დღეს სისხლის სამართლის საქმე არის აღძრული ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის და მისი თანამშრომლების წინააღმდეგ, ხოლო დახურული ობიექტების წარმომადგენლებს დაკითხვაზე მოუწიათ მისვლა და იმის ახსნა, თუ რატომ სარგებლობდნენ ისინი შეღავათიანი პირობებით, რომლის მიხედვითაც მათ 2013 წლის მაისამდე იჯარის და კომუნალური მომსახურების გადასახადების გადახდა არ უწევდათ,“- ნათქვამია მერაბიშვილის განცხადებაში.
რაბათში კომერციული ობიექტების დახურვის შესახებ მერაბიშვილის განცხადების შემდეგ ადგილზე ვიცე-პრემიერი კახა კალაძე ჩავიდა. მან იმ მოიჯარეთა საიჯარო ხელშეკრულებების ნუსხა გამოაქვეყნა, რომლებიც რაბათში ფართებით სარგებლობდნენ. აღნიშნული დოკუმენტის თანახმად, დახურული ობიექტის მენჯმენტს საკმაოდ მაღალი საიჯარო გადასახადები 2013 წლის მაისამდე წინასწარ ჰქონდათ გადახდილი.
ამასთან, დღეს მთავარ პროკურატურაში განაცხადეს, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელთა მხრიდან ბიუჯეტის კუთვნილი თანხების გაფლანგვის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო. გამოძიების ფარგლებში, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ობიექტების გასხვისების პროცესში დარღვევები გამოვლინდა.