თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობა განახლდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" უწყებათაშორისი კომისიიდან აცნობეს, მუშაობა საარჩევნო კოდექსის საფუძველზე, 27 აპრილს დაგეგმილი საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის განაახლეს.
კომისიას უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია ხელმძღვანელობს და მის შემადგენლობაში შედიან - იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ჯანდიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გელა ხვედელიძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე დავით ზურაბიშვილი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე დავით ებრალიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ხელაია, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი კახაბერ საკანდელიძე და უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე თამარ კინწურაშვილი.
კომისია უფლებამოსილია, შეისწავლოს საარჩევნო პროცესის შესახებ მიწოდებული ინფორმაცია, ასევე, მედიით გავრცელებული ცნობები და საჭიროების შემთხვევაში, შეიმუშაოს რეკომენდაციები საჯარო მოსამსახურეებისა და ადმინისტრაციული ორგანოების მიმართ, რეაგირება მოახდინოს გამოვლენილ ფაქტებზე. ამ მიზნით კომისია პოლიტიკურ პარტიებთან, სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან და საარჩევნო პროცესში ჩართულ სხვა სუბიექტებთან თანამშრომლობს.