საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი მიხეილ მაჭავარიანი აცხადებს, რომ ის მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების პირდაპირი წესით ჩატარების მომხრეა.
მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ რეფერენდუმი მთელი საქართველოს მასშტაბით ვერ ჩატარდება, რადგან, მისი თქმით, საქართველოს 20% ოკუპირებულია და შესაბამისად შეიძლება ჩატრდეს მხოლოდ პლებისციტი.
"საქართველოში რეფერენდუმის საკითხები არ წყდება ისე, თუ რომელიმე პოლიტიკური ძალა არ არის დაინტერსებული. ეს იდეა გააჟღერა ვახტანგ ხმალაძემ და ფაქტია, რომ იდეა ტრიალებს, თუმცა მიმაჩნია, რომ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები პირდაპირი წესით უნდა ჩატარდეს. თუ ხმალაძეს ასეთი იდეა აქვს, მაშინ უნდა შეიქმნას საკონსტიტუციო კომისია და მსგავს თემებზე უნდა ვიმსჯელოთ", - განაცხადა მაჭავარიანმა.
დღესვე, მიხეილ მაჭავარიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 27 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის "ნაციონალურ მოძრაობაში" ჯერ მაჟორიტარობის კანდიდატებზე შეთანხმებულები არ არიან.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სარეფერენდუმო საკითხი - "თანახმა ხართ თუ არა, რომ საქართველოს პრეზიდენტი აირჩიოს პარლამენტმა?" რეგისტრაციაში გაატარა.
ცესკო-ს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, შესაბამისი განკარგულება ცესკომ გუშინდელ სხდომაზე გამოსცა.
ცესკო-ს ინფორმაციით, სარეფერენდუმო საკითხი საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა, რომლის წევრებიც არიან იაგო წიკლაური, გელა მესტიაშვილი და იანა ხუციშვილი. ცესკო-ს განკარგულებით, ამ შემადგენლობით სარეფერენდუმო საინიციატივო ჯგუფი რეგისტრაციაში გატარდა.
საარჩევნო კოდექსის მიხედვით, რეფერენდუმს ნიშნავს პრეზიდენტი. იმისათვის რომ პრეზიდენტმა რეფერენდუმის დანიშვნას ხელი მოაწეროს, საინიციატივო ჯგუფმა ცესკო-ს მინიმუმ 200 000 ამომრჩევლის ხელმოწერა უნდა წარუდგინოს. ჯგუფიმა ხემოწერების შეგროვება უკვე დაიწყო.