სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციასთან დაკავშირებული უფლებამოსილებები მთავრობასა და პრეზიდენტს შორის გაიმიჯნება. საკითხები, რომლებზეც გადაწყვეტილებას ამ მიმართულებით დღეს პრეზიდენტი იღებს, მთავრობის კომპეტენციაში გადადის.
ცვლილებები "სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ" კანონში შედის, რომელიც დეპუტატმა ირინა იმერლიშვილმა მოამზადა. პარლამენტში განსახილველად წარდგენილი კანონპროექტი კი, იმ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის ნაწილია, რომლის საფუძველზეც დაზვერვის სამსახური პრეზიდენტის კონტროლიდან გავა და მთავრობას დაექვემდებარება.
ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებისთვის მიკუთვნებისა და საიდუმლოების დაცვის საქმეში, სადღეისოდ პრეზიდენტს შემდეგი უფლებამოსილებები აქვს: - ამტკიცებს "სახელმწიფო საიდუმლოებისათვის ინფორმაციის მიკუთვნებისა და დაცვის წესს", სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხას, ასევე იმ თანამდებობის პირთა ნუსხას, რომელთაც სახელმწიფო საიდუმლოებისათვის კონკრეტული ინფორმაციის მიკუთვნების უფლებამოსილება აქვთ. დღეს პრეზიდენტი ამტკიცებს იმ თანამდებობის პირთა ნუსხას, რომელნიც უფლებამოსილნი არიან გასცენ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების ნებართვა. პრეზიდენტი განსაზღვრავს სახელმწიფო კანცელარიის იმ თანამდებობის პირთა უფლებამოსილებას, რომლებიც უზრუნველყოფენ სახელმწიფო საიდუმლოების დაცვას სახელმწიფო კანცელარიაში. პრეზიდენტი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში წყვეტს აღნიშნული კანონის შესაბამისად სახელმწიფო საიდუმლოებისათვის ცნობების მიკუთვნებისა და დაცვის სხვა საკითხებს. ის დღეს ასევე უფლებამოსილია, პარლამენტის ნდობის ჯგუფის წინადადებით სახელმწიფო საიდუმლოების გრიფი მოხსნას, ნდობის ჯგუფის მიერ წარდგენილ სახელმწიფო საიდუმლოების ხარისხის მქონე ინფორმაციას.
პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის გათვალისწინებით კი, ზემოთჩამოთვლილი და კანონით დადგენილი უფლებამოსილებებიდან პრეზიდენტს რჩება შემდეგი - დაამტკიცებს სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხას, იმ თანამდებობის პირთა ნუსხას, რომელთაც სახელმწიფო საიდუმლოებისათვის კონკრეტული ინფორმაციის მიკუთვნების უფლებამოსილება აქვთ და ასევე იმ თანამდებობის პირთა ნუსხას, რომელნიც უფლებამოსილნი არიან სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების ნებართვა გასცენ.
მთავრობის უფლებამოსილებებში კი გადადის "სახელმწიფო საიდუმლოებისთვის ინფორმაციის მიკუთვნებისა და დაცვის წესის" დამტკიცება, ასევე მთავრობის კანცელარიის იმ თანამდებობის პირთა უფლებამოსილებების განსაზღვრა, რომლებიც სახელმწიფო კანცელარიაში სახელმწიფო საიდუმლოების დაცვას უზრუნველყოფენ. ასევე მთავრობა გადაწყვეტს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში აღნიშნული კანონის შესაბამისად სახელმწიფო საიდუმლოებისათვის ცნობების მიკუთვნებისა და დაცვის სხვა საკითხებს. ინიცირებული კანონპროექტით გათვალისწინებულია ისიც, რომ მთავრობა ხდება უფლებამოსილი პარლამენტის ნდობის ჯგუფის წინადადებით, სახელმწიფო საიდუმლოების გრიფი მოხსნას, ნდობის ჯგუფის მიერ წარდგენილ სახელმწიფო საიდუმლოების ხარისხის მქონე ინფორმაციას.