იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოსამართლეები თანამდებობაზე არასწორად გამწესდნენ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის იმპიჩმენტს უსაფუძვლოდ მიიჩნევს.
როგორც ჟურნალისტებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე კახა კოჟორიძემ დღეს განუცხადა, იმპიჩმენტზე საუბარი მით უმეტეს უსაფუძვლოა, როდესაც ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის დადგენილი, მოსამართლეები მართლაც კანონიერად დაინიშნენ თუ არა.
"ამ ეტაპზე ვიცით, რომ არის დაწყებული საქმის შესწავლა, თუ რამდენად კანონიერად მოხდა ორი მოსამართლის თანამდებობაზე გამწესება. ამ ეტაპზე ეს ამბავი არ არის დადგენილი და საუბარი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის იმპიჩმენტზე, ვფიქრობ, არასწორია. იმ შემთხვევაშიც, თუ დადგინდება, რომ ეს მოსამართლეები თანამდებობაზე არასწორად გამწესდნენ, პირდაპირ იმპიჩმენტის საფუძველს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიმართ ვერ ვხედავ", - აღნიშნა კოჟორიძემ.
მისივე თქმით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, როგორც ფიგურა არის ძალიან მნიშვნელოვანი სასამართლოს სისტემაში და მის მიმართ იმპიჩმნეტის პროცედურების დაყენება უნდა იყოს ისეთ აშკარა დარღვევაზე, რომ კითხვის ნიშნები არ ჩნდებოდეს.
პარლამეტის წევრმა ეკა ბესელიამ გუშინ არ გამორიცხა, რომ მოსამართლეთა საქმეების შესწავლის შემდეგ, კოტე კუბლაშვილის პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს. გამოძიება ამ დროისთვის ორი მოსამართლის საქმეს სწავლობს, რომლებსაც, არსებული ინფორმაციით, უმაღლესი იურიდიული განათლება არ აქვთ.