საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებას მისი შესაძლო იმპიჩმენტის შესახებ, არასერიოზულს და უსაფუძვლოს უწოდებს.
"მე ამას სერიოზულად არ ვუყურებ, რადგან ესეთი განცხადებები ნამდვილად უსაფუძვლოა. პოლიტიკოსს აქვს უფლება, რომ გააკეთოს უსაფუძვლო განცხადებები, მაგრამ მე არ მაქვს ამის უფლება", - განაცხადა კოტე კუბლაშვილმა.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თქმით, იმ მოსამართლეებს, რომლებზეც საუბარია, რომ არ ჰქონდათ შესაბამისი იურიდიული განათლება, ნამდვილად ჰქონდათ მოქმედი კონსტიტუციის შესაბამისი განათლება.
"იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ იმსჯელა და დააგინა, რომ მათ აქვთ შესაბამისი იურიდიული განათლება, ასევე სასამართლოში გასაჩივრების შემდეგაც, სასამართლომაც დაადგინა, რომ მათ კვალიფიკაციური განათლება აქვთ",-აღნიშნა კუბლაშვილმა.
ამასთან, კოტე კუბლაშვილი აცხადებს, რომ იმპიჩმენტის საკითხი ვერანაირად ვერ დადგება.
"კონსტიტუციით გათვალისწინებულია, რომ იმპიჩმენტის საკითხი რომ დადგეს, ერთ-ერთი საკითხი არის დანაშაულზე წასწრება. ასეთი რამ არ ყოფილა. მე მიმაჩნია, რომ საერთოდ იმპიჩმენტზე საუბარი თუ დაიწყო, ეს იქნება ყოვლად უსაფუძვლო მსჯელობა, რადაგნ იმპიჩმენტის არანაირი საფუძველი არ არსებობს",-აღნიშნა კოტე კუბლაშვილმა.
პარლამეტის წევრმა ეკა ბესელიამ გუშინ არ გამორიცხა, რომ მოსამართლეთა საქმეების შესწავლის შემდეგ, კოტე კუბლაშვილის პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს. გამოძიება ამ დროისთვის ორი მოსამართლის საქმეს სწავლობს, რომლებსაც, არსებული ინფორმაციით, უმაღლესი იურიდიული განათლება არ აქვთ.