"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი, უმრავლესობის წევრი, ლევან ბერძენიშვილი პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებას მხარს უჭერს.
ბერძენიშვილი "ინტერპრესნიუსთან" საუბარში დადებითად შეაფასა საინიციატოვო ჯგუფის მიმართვის საფუძველზე ცესკო-ს მიერ სარეფერენდუმო საკითხის: თანახმა ხართ თუ არა, რომ საქართველოს პრეზიდენტი აირჩიოს პარლამენტმა?" რეგისტრაციაში გატარება.
"ამ საკითხებზე კოალიციაში ჯერ ერთობლივი მოსაზრება არ შეგვიმუშავებია. რაც შეეხება პირადად ჩემს დამოკიდებულებას, საინიციატივო ჯგუფის წევრები მართლები არიან - ესაა შეკითხვა, რომელიც უნდა დავუსვათ ხალხს. პირადად მე მიმაჩნია, რომ პრეზიდენტი უნდა აირჩიოს საქართველოს პარლამენტმა, ან პარლამენტმა და აჭარის პარლამენტმა, ან ასეთმა ორგანომ და არა ხალხმა, მაგრამ ყველაზე კარგია, ვკითხოთ ხალხს. საპარლამენტო მოდელისას, როგორც წესი, პრეზიდენტი ხალხის მიერ არჩეული არ არის ხოლმე, თუმცა, რა თქმა უნდა, გამონაკლისები არსებობს", - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
მისივე განმარტებით, იქედან გამომდინარე, რომ კოალიციაში აღნიშნული საკითხი ჯერ შეთანხმებული არაა, არ არის გამორიცხული მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები "ჩვეულებრივად" ჩატარდეს.
"მე არ გამოვრიცხავ, რომ მომავალი არჩევნები ჩატარდეს ჩვეულებრივად _ პრეზიდენტი ხალხმა აირჩიოს, მაგრამ თუ რეფერენდუმზე ქართველი ხალხი გამოხატავს თავის ნებას და სხვა წესს დაუჭერს მხარს, შესაძლოა, კონსტიტუციაში გაჩნდეს შესაბამისი ჩანაწერი", - აღნიშნა ბერძენიშვილმა.
რაც შეეხება იმას, რამდენად დანიშნავს მიხეილ სააკაშვილი აღნიშნულ საკითხზე რეფერენდუმს, დეპუტატი ფიქრობს, რომ პრეზიდენტი რეფერენდუმის გამართვაზე უარს იტყვის.
"ლოგიკურია, რომ არ დანიშნოს, მაგრამ საქართველოს პრეზიდენტის ლოგიკაში გარკვევა სცდება ჩემს კომპეტენციას", - აღნიშნა დეპუტატმა.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სარეფერენდუმო საკითხი - "თანახმა ხართ თუ არა, რომ საქართველოს პრეზიდენტი აირჩიოს პარლამენტმა?" რეგისტრაციაში გაატარა.
ცესკო-ს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, შესაბამისი განკარგულება ცესკო-მ გუშინდელ სხდომაზე გამოსცა.
ცესკო-ს ინფორმაციით, სარეფერენდუმო საკითხი საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა, რომლის წევრებიც იაგო წიკლაური, გელა მესტიაშვილი და იანა ხუციშვილი არიან. ცესკო-ს განკარგულებით, ამ შემადგენლობით სარეფერენდუმო საინიციატივო ჯგუფი რეგისტრაციაში გატარდა.
საარჩევნო კოდექსის მიხედვით, რეფერენდუმს ნიშნავს პრეზიდენტი. იმისათვის, რომ პრეზიდენტმა რეფერენდუმის დანიშვნას ხელი მოაწეროს, საინიციატივო ჯგუფმა ცესკო-ს მინიმუმ 200 000 ამომრჩევლის ხელმოწერა უნდა წარუდგინოს.