საქართველოს პრეზიდენტი, ქართული დელეგაციის წარმომადგენლებთან ერთად, აზერბაიჯანის მილიმეჯლისის თავმჯდომარესა და დეპუტატებს შეხვდა.
მიხეილ სააკაშვილის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, მხარეებმა ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხის ისტორიულ მეგობრობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
ოფიციალური შეხვედრების შემდეგ, დღის ბოლოს "განჯლიკის" სასახლეში, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევისა და პირველი ლედის მეჰრიბან ალიევას სახელით, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და სანდრა რულოვსის პატივსაცემად ოფიციალური მიღება გაიმართა.
ილჰამ ალიევმა მიმართვაში კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება იმ საერთო ღირებულებებსა და ურთიერთობებზე, რომელიც წლების განმავლობაში აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებობს.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა საქართველოს ევროპული მისწრაფებისადმი თანადგომა გამოხატა და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს მხარს დაუჭერს ნებისმიერი საერთაშორისო ტრიბუნიდან.
ოფიციალური მიღების შემდეგ, ილჰამ ალიევმა და მეჰრიბან ალიევამ სტუმრები სასტუმრომდე მიაცილეს. აზერბაიჯანის პრეზიდენტი ავტომანქანას თავად მართავდა. მოგვიანებით კი, ილჰამ ალიევის ინიციატივით პრეზიდენტებმა და პირველმა ქალბატონებმა ბაქოს ახალი ინფრასტრუქტურული პროექტებიც დაათვალიერეს.
საქართველოს დელეგაციის ვიზიტი აზერბაიჯანში გუშინ დაიწყო და დღეს სრულდება.