"თავისუფალი დემოკრატები" პრეზიდენტის ხალხის მიერ არჩევის მომხრეა,- ასეთი განცხადება გააკეთა ვიცე სპიკერმა ზურაბ აბაშიძემ პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით რეფერენდუმის შესაძლო დანიშვნის კომენიტრებისას.
როგორც "ინტერპრესნიუსს" პარტის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ აბაშიძემ განუცხადა, ასეთია მათი პოლიტიკური გემოვნება, თუმცა "თავისუფალი დემოკრატები" კოალიციის შიგნით გადაწყვეტილების მიღებისას "დამაბრკოლებელი ფაქტორი" არ გახდება.
"თავისუფალ დემოკრატებს" არასდროს დაგვიმალავას ჩვენი პოზიცია და თავიდანვე გავაცხადეთ, რომ საპრეზიდენტო მმართველობას ვუჭერთ მხარს, მაგრამ არა ისეთ მოდელს, რომელიც სააკაშვილს ჰქონდა. ჩვენ აბსოლუტურად განსხვავებულად, ძლიერი საპარლამენტო ზედამხედველობის პირობებში გვაქვს წარმოდგენილი ეს მოდელი. ასევე, მხარს ვუჭერთ პრეზიდენტის ხალხის მიერ არჩევას. არც ამაშია არაფერი დასამალი. ესაა ჩვენი პოლიტიკური გემოვნების საკითხი, თუმცა ამავდროულად, ვფიქრობთ, რომ ეს ფართო კონსესუსის საგანი უნდა იყოს. არ უნდა გამოჩნდეს ისე, თითქოს "თავისუფალი დემოკრატები" _ პოლტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" მნიშვნელოვანი ნაწილი, იქნება რაღაცის დამაბრკოლებელი და შემაფერხებელი. პირიქით, ჩვენ შეთანხმების ნაწილი ვიქნებით. ეს არ არის იდეოლოგიური თემა, ესაა წმინდა გემოვნების საკითხი", - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.
მისივე განმარტებით, საკონსტიტუციო სახელმწიფო კომისია, რომლის შექმნაც იგეგმება, სხვა საკითხებთან ერთად იმსჯელებს როგორც ქვეყნის კონსტიტუციის მოდელზე, ისე პრეზიდენტის არჩევა-დანიშვნის წესზე.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სარეფერენდუმო საკითხი - "თანახმა ხართ თუ არა, რომ საქართველოს პრეზიდენტი აირჩიოს პარლამენტმა?" რეგისტრაციაში გაატარა.
ცესკო-ს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, შესაბამისი განკარგულება ცესკომ გუშინდელ სხდომაზე გამოსცა.
ცესკო-ს ინფორმაციით, სარეფერენდუმო საკითხი საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა, რომლის წევრებიც არიან იაგო წიკლაური, გელა მესტიაშვილი და იანა ხუციშვილი. ცესკო-ს განკარგულებით, ამ შემადგენლობით სარეფერენდუმო საინიციატივო ჯგუფი რეგისტრაციაში გატარდა.
საარჩევნო კოდექსის მიხედვით, რეფერენდუმს ნიშნავს პრეზიდენტი. იმისათვის რომ პრეზიდენტმა რეფერენდუმის დანიშვნას ხელი მოაწეროს, საინიციატივო ჯგუფმა ცესკო-ს მინიმუმ 200 000 ამომრჩევლის ხელმოწერა უნდა წარუდგინოს. ჯგუფიმა ხემოწერების შეგროვება უკვე დაიწყო.