პრეზიდენტის პარლამენტის მიერ დანიშვნის საინიციატივო ჯგუფმა საჭირო ხელმოწერების შეგროვება უკვე დაიწყო. როგორც "ინტერპრესნიუსს" საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა , იანა ხუციშვილმა განუცხადა, ხელმოწერების შეგროვების კამპანია რამდენიმე დღეში მთელ საქართველოს მოიცავს.
მისივე განმარტებით, აღნიშნულ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივა ქვეყნის მმართველობის საპარლამენტო მოდელზე გადასვლიდან გამომდინარეობს, რადგან მიიჩნევს, რომ ასეთ შემთხვევაში პრეზიდენტის პარლამენტის მიერ დანიშვნა უფრო ლოგიკურია.
"გასულმა 20 წელმა გვაჩვენა, რომ საქართველოში საპრეზიდენტო მმართველობა არ ამართლებს. ცენტრალიზებულია ხელისუფლება ერთი ადამიანის ხელში და, ფაქტობრივად, უმოქმედოა დანარჩენი ყველა სტრუქტურა. ჩვენ ეს ვნახეთ, ამიტომ ჩვენი სარეფერენდუმო კითხვა, რომელიც რეგისტრაციაში გატარდა არის ოქროს შუალედი – გამოსავალი, რომ გადავიდეს ქვეყანა საპარლამენტო მმართველობაზე და საქართველოს მოსახლეობის არჩეულმა პარლამენტმა აირჩიოს პრეზიდენტი. რადგან საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადავდივართ, ლოგიკურია, რომ პრეზიდენტი პარლამენტმა აირჩიოს", - აღნიშნა იანა ხუციშვილმა.
ამასთან, საინიციატივო ჯგუფის წევრის მტკიცებით, მათ არც ერთ პარტიასთან არანაირი კავშირი არ აქვთ და აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღეს.
"მე არასამთავრობო ორგანიზაცია "ქალთა ერთიანობის ასოციაციის" თავმჯდომარე ვარ. არ ვარ პარტიული, არც - ჩემი საინიციატივო ჯგუფის წევრები. ვმოქმედებთ, როგორც უბრალო მოქალაქეები, რომლებსაც ქვეყნის გადარჩენა საპარლამენტო მმართველობაში ესახებათ", - განმარტა იანა ხუციშვილმა.
გარდა ამისა, მისი თქმით, ხელმოწერების შეგროვებისთვის საჭირო ხარჯებს თავად დააფინანსებენ.
"ხელმოწერების შეგროვებას არანაირი განსაკუთრებული ფინანსები არ სჭირდება, თუმცა რაც სჭირდება, მას ჩვენი სახსრებით გავაკეთებთ, შემდეგ კი ჩვენი თანამოაზრეები, რომლებიც ძალიან ბევრნი არიან, იმუშავებენ ხელმოწერების შეგროვებაზე", - აღნიშნა მან.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სარეფერენდუმო საკითხი - "თანახმა ხართ თუ არა, რომ საქართველოს პრეზიდენტი აირჩიოს პარლამენტმა?" რეგისტრაციაში გაატარა.
ცესკო-ს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, შესაბამისი განკარგულება ცესკო-მ გუშინდელ სხდომაზე გამოსცა.
სარეფერენდუმო საკითხი საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა, რომლის წევრებიც არიან იაგო წიკლაური, გელა მესტიაშვილი და იანა ხუციშვილი. ცესკო-ს განკარგულებით, ამ შემადგენლობით სარეფერენდუმო საინიციატივო ჯგუფი რეგისტრაციაში გატარდა.
საარჩევნო კოდექსის მიხედვით, რეფერენდუმს პრეზიდენტი ნიშნავს. იმისთვის, რომ პრეზიდენტმა რეფერენდუმის დანიშვნას ხელი მოაწეროს, საინიციატივო ჯგუფმა ცესკო-ს სულმ მცირე 200 000 ამომრჩევლის ხელმოწერა უნდა წარუდგინოს.