პარლამენტში ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის კენჭისყრაზე გატანის საკითხი, აპრილში დაგეგმილი შუალედური არჩევნები და შიდა საპარლამენტო საქმიანობა დავით უსუფაშვილსა და უმრავლესობის ლიდერებს შორის გუშინ გამართული შეხვედრის მთავარი თემები იყო.
დეპუტატ ეკა ბესელიას ცნობით, საკონსტიტუციო ცვლილებები განხილვისა და კენჭისყრებისთვის პარლამენტში მარტში გავა, ხოლო ამ პროცესის დაწყებამდე გამორიცხული არ არის, საჯარო განხილვის კომისიის კიდევ ერთი სხდომის ჩატარება.
როგორც ბესელია განმარტავს, საკითხის კენჭისყრამდე პოზიციები კვლავ შეჯერდება. კერძოდ, გადაწყდება საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი საპარლამენტო განხილვებზე დღეს არსებული ფორმულირებით გავიდეს, თუ არასამთავრობოთა ინიციატივა დაემატოს, რომელიც პარლამენტის დათხოვნის საკითხთან მიმართებაში ბოლო ექვსი თვის ძალაში დატოვებას ითვალისწინებს.
რაც შეეხება აპრილში დაგეგმილ პარლამენტის შუალედურ არჩევნებს, ბესელია ამბობს, რომ კონკრეტულ კანდიდატებზე ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის, მიმდინერობს კონსულტაციები, ხოლო მათი წარდგენისას განმსაზღვრელი არ იქნება, თუ რომელი პარტიის კვოტით იყო გასული მაჟორიტარი დეპუტატი.
"ამ შემთხვევაში განმსაზღვრელი იქნება კანდიდატის შესაძლებლობები, გამოცდილება და სხვა მახასიათებელი თვისებები, რომელიც დეპუტატს პარლამენტში სჭირდება და სჭირდება ოლქს, სადაც შუალედური არჩევნები ტარდება", – აღნიშნა ეკა ბესელიამ.