საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ავსტრიის ევროპულ და საერთაშორისო საქმეთა მინისტრის, ვიცე-კანცლერ მიხაელ შპინდელეგერისა და ცივილიზაციათა ალიანსის გენერალური მდივნის, ხორხე სამპაიოს მიწვევით გაერო-ს ცივილიზაციათა ალიანსის მე-5 გლობალურ ფორუმს ესწრება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" სამინისტროდან აცნობეს, ვენაში შეკრებილ მსოფლიოს პოლიტიკურ ლიდერებს და მათთან ერთად შეკრებილ საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების, კერძო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოების და დონორი სააგენტოების წარმომადგენლებს დღეს მაია ფანჯიკიძემ სიტყვით მიმართა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელი ფორუმის ფარგლებში თავის უცხოელ კოლეგებთან ორმხრივ შეხვედრებსაც მართავს.
ფორუმის მიმდინარეობისას განსაკუთრებული ყურადღება რელიგიურ პლურალიზმს, მედიის სივრცის მრავალფეროვნებასა და მიგრაციის საკითხებს ეთმობა.
"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფორუმი, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობითი დელეგაციები ესწრებიან. მონაწილენი მსჯელობენ იმის შესახებ, თუ როგორ წარმოუდგენიათ ცივილიზაციათა ალიანსი და რას აკეთებს თითოეული ქვეყანა იმისათვის, რომ შედგეს კულტურული და რელიგიური დიალოგი მათ ქვეყნებში და ამის საშუალებით თავიდან იყო აცილებული კონფლიქტები. ჩემს გამოსვლაში ვისაუბრე საქართველოს ახალი მთავრობისა და მისი მიზნების შესახებ. ვისაუბრე, თუ რა გაკეთდა პირველი 4 თვის განმავლობაში და ყურადღება გავამახვილე იმაზე, რომ საქართველო ისტორიულად, ტრადიციულად არის მულტიკულტურული ქვეყანა, სადაც სხვადასხვა რელიგიის, სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობის ადამიანები მშვიდობიანად თანაცხოვრობენ", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში მაია ფანჯიკიძემ.