შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტში ყველაზე მასშტაბური სისხლის დონაციის კვირეული მიმდინარეობს. აქციაში დედაქალაქსა და რეგიონებში მდებარე სხვადასხვა სამმართველოს თანამშრომლები არიან ჩართულნი.
სისხლის დონაციის მასშტაბური აქცია "მედინვესტ ჯორჯია საქართველოს ცენტრალური სიხლის ბანკის" ინიციატივით და თხოვნით დაიგეგმა.
რამდენიმე დღის წინ ეროვნული საგანძურის დაცვის სამმართველოს 100-მდე თანამშრომელმა უანგაროდ უკვე გაიღო სისხლი. მოქალაქეთა სიცოცხლის გადასარჩენად აქციას სამცხე-ჯავახეთის რეგიონის თანამშრომლებიც შეურთდნენ.
25-26 თებერვალს დონაციის კვირეულში თბილისში დასაქმებული დაცვის პოლიციელები ჩაერთნენ. "ცენტრალური სისხლის ბანკის" ბაზას დედაქალაქიდან 283 ახალი დონორი შეემატა.
აქცია 28 თებერვალს დაგეგმილია იმერეთსა და გურიის რეგიონში, 1-ელ მარტს - მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, 4 მარტს - კახეთში, 6 მარტს - შიდა ქართლის რეგიონში, 11 მარტს – სამეგრელოში, 14 მარტს - ქვემო ქართლსა და აჭარაში.
დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები თბილისის იაშვილის სახ. ბავშვთა საავადმყოფოს პაციენტებს არაერთხელ დაეხმარნენ. "გადაეცი სიცოცხლის უფლება - გაიღე სისხლი!" აქციების ფარგლებში ბოლო წლებში სისხლის დონორი დაცვის პოლიციის ათასამდე თანამშრომელი გახდა.
მიმდინარე კვირეულში კი 900-მდე თანამშრომელმა გამოთქვა სურვილი გახდეს სისხლის დონორი. სისხლის უსასყიდლო დონაციის საქველმოქმედო ღონისძიებები დაცვის პოლიციელების მიერ მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.