სასტუმრო "თბილისი მარიოტში" ხვალ პროექტის "სამოქალაქო მონიტორინგი სატელევიზიო მედია სივრცეში ვითარების გაუმჯობესებისათვის" ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება .
ღონისძიებაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონიტორინგის შედეგები იქნება წარმოდგენილი.
როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ კანონმდებლობა სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს კომისიის დაკომპლექტების მექანიზმს, რომელიც დაიცავს მარეგულირებელ ორგანოს პოლიტიკური ძალების გავლენისაგან, ასევე სამოქალაქო სექტორის ეფექტურ კონტროლსა და ჩართულობას კომისიის საქმიანობაში.
კანონმდებელი მკაფიოდ არ განსაზღვრავს, თუ რამდენად უფლებამოსილია კომისია, აკონტროლოს სატრანზიტო მაუწყებლების მიერ საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების დაცვა.
ანგარიშში კიდევ ერთხელ გამოიკვეთა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის ირაკლი ჩიქოვანის ინტერესთა კონფლიქტის საკითხი, რაც საფრთხეს უქმნის როგორც კომისიის მიუკერძოებელ და ეფექტურ საქმიანობას, ასევე ტელეკომუნიკაციების სექტორის განვითარებას.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მთელი რიგი გადაწყვეტილებები დისკრიმინაციულ ხასიათს ატარებს. სამწუხაროდ, კომისია არ არის აქტიურად ჩართული როგორც "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების განხილვაში, ასევე ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის ხელშეწყობისათვის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შექმნილ სათათბირო საბჭოს მუშაობაში.
პროექტი "ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა" და "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" ფონდ "ღია საზოგადოება საქართველო"-ს ფინანსური მხარდაჭერით განახორციელეს.