საქართველოს სახალხო არტისტს რამაზ ჩხიკვაძეს ხვალ 85 წელი შეუსრულდებოდა. ამ თარიღს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, რამაზ ჩხიკვაძის სახელობის ფონდი "ბერიკა", საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი, საქართველოს ეროვნული არქივი და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნავენ.
თავდაპირველად საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში რამაზ ჩხიკვაძის ბიუსტის გახსნის ცერემონია გაიმართება. ბიუსტის ავტორი მოქანდაკე გურამ პიპინაშვილია.
ხვალვე საქართველოს ეროვნულ არქივში რამაზ ჩხიკვაძის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება. საქართველოს ეროვნული არქივი ექსპოზიციაზე 85 ფოტოს და კინოკადრებს წარმოადგენს, რომლებიც კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალურ არქივშია დაცული და რამაზ ჩხიკვაძის ცხოვრებისა და შემოქმედებით გზას, ასევე მის თეატრალურ სახეებსა და კინოროლებს, შეხვედრებსა და რეპეტიციებს ასახავს.
დაგეგმილია მსახიობის საფლავზე გასვლა დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში
ამასთან, 9 აპრილის ბაღში (ალექსანდრეს ბაღში) დაიდგმება სიმბოლური ქვა, სადაც უახლოეს მომავალში ზურაბ წერეთლის ქანდაკება, რამაზ ჩხიკვაძის "აზდაკი" აღიმართება.
გარდა ამისა, დღის ბოლოს რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ დარბაზში საღამო გაიმართება, სადაც ფრაგმენტები ლილი კოპლატაძისა და ია შერაზადიშვილის გადაცემიდან "აუდიტორია - რამაზ ჩხიკვაძე" იქნება ნაჩვენები. გადაცემაში რამაზ ჩხიკვაძე თავად საუბრობს საკუთარ ცხოვრებასა და შემოქმედებაზე. 90-იან წლებში ჩაწერილი მონოლოგის შემდეგ რამაზ ჩხიკვაძის პარტნიორები, მათ შორის კახი კავსაძე, ნანა ფაჩუაშვილი, ჯემალ ღაღანიძე, ასევე რობერტ სტურუა გაიხსენებენ მსახიობს.
რამაზ ჩხიკვაძე 1928 წლის 28 თებერვალს თბილისში დაიბადა. 1951 წელს დაამთავრა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. ამავე წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობია. ჩხიკვაძის შემოქმედებისათვის დამახასიათებელია მკაფიო ინდივიდუალობა, თვითმყოფობა, დიდი შემოქმედებითი ფანტაზია, იმპროვიზაციისა და გარდასახვის ოსტატობა.
მსახიობი 2011 წლის 17 ოქტომბერს თბილისში, 83 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში მეუღლის, ნატაშა ჩხიკვაძის, გვერდით.