რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ ოსურ და ქართულ მხარეებს შორის პატიმრების გაცვლის შესახებ სახალხო დამცველის წინადადება განხილული უნდა იყოს .
როგორც "ინტერპრესნიუსს" ზაქარეიშვილმა განუცხადა, სახალხო დამცველის ამ მნიშვნელოვანმა განცხადებამ შესაძლოა კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით გარკვეული ნაბიჯების გადადგმას შეუწყოს ხელი.
მისი თქმით, როგორც წესი, მხარეები ტყვეებს და პატიმრებს ცვლიან, რადგან მხარეებთან მათ ყოფნას არანაირი დადებითი შედეგის მოტანა არ შეუძლია, თავად გაცვლა კი ვითარებას აუმჯობესებს.
მინისტრი მაგალითად ისრაელს ასახელებს, რომელმაც ერთი სამხედრო ტყვის, გვარად შალიფის გასათავისუფლებლად პალესტინას ათასზე მეტი პატიმარი გადასცა, მათ შორის ისეთი დამნაშავეც კი, რომელმაც მთელი ოჯახი დახოცა.
"კიდევ ერთი მაგალითი საქართველოში 2008 წელს მოხდა. 5 მაღალჩინოსანი ქართველი ოფიცერი რუსულ ძალებს ტყვედ ჩაუვარდა. მათ გასათავისუფლებლად სააკაშვილმა რუსულ მხარეს გენერალი დუმბაძე გადასცა, რომელსაც საქართველოს შესახებ ბევრი საიდუმლო ინფორმაცია ჰქონდა და სასჯელს იხდიდა. მიმაჩნია, რომ ეს სწორი ნაბიჯი იყო. ამ ლოგიკით მარეკ დუდაევის ქართულ ციხეში ყოფნა არაფრის მომტანი არ არის. მართალია, მან მართლაც ჩაიდინა მკვლელობა, იძია შური იმ ადამიანებზე, რომლებმაც მის თვალწინ მისი და გააუპატიურეს. დუდაევმა პატიმრობაში უკვე 9 წელი გაატარა და ვფიქრობ საკმარისია", - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.
მინისტრს მიაჩნია, რომ იმ შემთხვევაში თუ ქართული ციხეებიდან ოსი ეროვნების პატიმრების გაშვებით ცხინვალის ციხიდან პატიმრების გამოხსნა იქნება მიღწეული, რომლებსაც ქართულ მხარეს უნდათ გადმოსვლა, ამ მიმართულებით მუშაობა უნდა დაიწყოს. "სახალხო დამცველი ეს წინადადება ჩემი აზრით განხილული უნდა იყოს", - დასძინა მან.
საქართველოს სახალხო დამცველი ინიციატივით გამოდის, ქართულ ციხეში მყოფი მარეკ დუდაევისა და სხვა ეთნიკურად ოსი პატიმრები ცხინვალში მყოფ ქართველ პატიმრებზე გაიცვალოს. აღნიშნული ინიციატივა სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა ჟურნალისტებს სასჯელაღსრულების #7 დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ გააცნო, სადაც მარეკ დუდაევი მოინახულა.
როგორც უჩა ნანუაშვილმა აღნიშნა, ომბუდსმენი, ასევე, იწყებს მარეკ დუდაევის სისხლის სამართლის საქმის შესწავლას, სადაც ბევრი დარღვევაა.
სახალხო დამცველის ინფორმაციით, ჯერჯერობით დაუდგენელია, თუ საქართველოს რამდენი მოქალაქე იმყოფება ცხინვალში პატიმრობაში და ომბუდსმენის ოფისი ამ მხრივაც დაიწყებს მოკვლევას.
უჩა ნანუაშვილის განცხადებით, მოლაპარაკებები გაცვლის შესახებ ინიციატივაზე ჯერ არ მიმდინარეობს, თუმცა დიალოგი რამდენჯერმე იყო დაწყებული, მათ შორის 2008 წლის ომის შემდეგ, რომელშიც ჩართული იყო საქართველოს პატრიარქი და ევროკომისარი თომას ჰამერბერგი.
მარეკ დუდაევი ქართველმა სამართალდამცველებმა 2004 წლის მარტში რამდენიმე ადამიანის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. 2005 წელს სასამართლომ მას 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.