პროკურატურაში "დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძის მოწმის სტატუსით დაკითხვა დასრულდა. როგორც ბურჯანაძემ ექვსსაათიანი დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მან პროკურატურას გადასცა 30-კაციანი სია, რომლებიც გამოთქვამენ სურვილს, რომ 26 მაისთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში დაიკითხოს.
ბურჯანაძის ცნობით, ამ სიაში მისი მეუღლე ბადრი ბიწაძე და მათი შვილიც არიან. მისივე თქმით, იგი პროკურატურაში ახსნა-განმარტების მიცემის პროცესით კმაყოფილია. "დავინახე, რომ 26 მაისთან დაკავშირებით სერიოზული დაინტერესებაა პროკურატურის მხრიდან. სერიოზული ინტერესი გამოვლინდა. ბევრი ინფორმაცია მივეცი გამოძიებას. თუმცა საქმე კიდევ ბევრია. წარვუდგინე მას კონკრეტული სია ჩვენი თანამებრძოლებისა, იმ ადამიანებისა, რომლებიც გამოთქვამენ სურვილს, რომ დაიკითხონ, მათ შორის ჩემი ქმარი და ჩემი შვილიც არიან", - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.
მისივე თქმით, გამოძიების პროცესშია ყველა ეპიზოდი, განსაკუთრებით ადამიანის დაღუპვისა და დასახიჩრების ფაქტები ბოლომდე იქნება გამოძიებული. "მალე საზოგადოება დაინახავს "ნაციონალური მოძრაობის" რეალურ სახეს. იმედს ვიტოვებთ, რომ გამოძიება მალე დასრულდება და სერიოზული მასალა დაიდება. სამართალმა უნდა იზეიმოს", - განაცხადა ბურჯანაძემ.
მისი შეფასებით, 26 მაისს მოხდა არა აქციის დაშლა, არამედ განხორციელდა ორგანიზებული სისხლიანი ოპერაცია, რომელშიც წინასწარ იყო დაგეგმილი, რომ ადამიანის მსხვერპლი უნდა ყოფილიყო. ამასთან, როგორც "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა აღნიშნა, ახსნა-განმარტების მიცემის შემდეგ ის შეხვდა მთავარ პროკურორ არჩილ კბილაშვილს და სხვადასხვა თემებზე ესაუბრა.
"მე ვესაუბრე კბილაშვილს და საინტერესო საუბარი შედგა. მას წარმატებას ვუსურვებ, ისევე, როგორც მთავარ პროკურატურას", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. მისი თქმით, ჯერჯერობით არ აქვს ინფორმაცია, გამოძიების პროცესში ის კიდევ დაიკითხება თუ არა.