საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ეკა ბესელია სახელმწიფო უწყებებში არსებულ რადიკალურ ჯგუფებზე საუბრობს, რომლებიც, დეპუტატის ინფორმაციით , საბოტაჟის მოწყობას ცდილობდნენ. ბესელიამ მთავარ პროკურატურას ამ საქმით დაინტერესების მოთხოვნით მიმართა.
დეპუტატმა პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით საბოტაჟი განმარტა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანაში ადგილი აქვს სახელმწიფო სტრუქტურებისა და სამთავრობო საქმიანობის სრულყოფილად განხორციელების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს, რომელიც, მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" რადიკალური ჯგუფების მხრიდან ხორციელდება.
დეპუტატმა გაიხსენა ვანო მერაბიშვილის განცხადება, რომ არსებული მთავრობისათვის 4 წელი ვერ დაელოდებიან, აგრეთვე, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროში გაკეთებული განცხადებები მათ სექტორში ზოგიერთი პირის მხრიდან მოვალეობის არასათანადოდ შესრულებისა და არასწორი ინფორმაციის გავრცელების შესახებ.
როგორც ეკა ბესელია აცხადებს, ეს ყველაფერი ემსახურება იმ მიზანს, რომ განხორციელდეს საბოტაჟი და ხელი შეეშალოს მთავრობის მუშაობას, რაც მოსახლეობაში შექმნის განწყობას იმისა, რომ მთავრობა დაკისრებულ ფუნქციას ვერ ახორციელებს.
"ამ ქმედებებს ადგილი აქვთ კარგად ორგანიზებული ჯგუფების მხრიდან, ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" ერთი რადიკალური ფრთა, რომელთა მიზანია, შეიქმნას ფონი, რომ აპრილში ამოქმედდეს კონსტიტუციის ის მუხლი, რომელსაც პრეზიდენტი მთავრობის დათხოვნისთვის გამოიყენებს", - აცხადებს ეკა ბესელია და ყველა იმ ფაქტზე, რომელიც საბოტაჟის ნიშნებს შეიცავს, მთავარ პროკურატურას დროული რეაგირებისაკენ მოუწოდა.