საქართველოს მთავარი პროკურორის ბრძანებით, საქართველოს მთავარ პროკურატურაში შეიქმნა სპეციალური ჯგუფი , რომელიც პროკურორებსა და გამომძიებლებთან დაკავშირებულ საჩივარ-განცხადებებს განიხილავს, - ამის შესახებ ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე პროკურატურაში პროკურორების და გამომძიებლების წინააღმდეგ 1500-მდე საჩივარია შესული.
აღნიშნულ სპეციალურ ჯგუფს, კანონით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შემთხვევებში გამოძიების წარმოების უფლებამოსილება მიენიჭება.
სამუშაო ჯგუფი საქართველოს მთავარი პროკურატურისა და თბილისის პროკურატურის ახლად დანიშნული პროკურორებითა და გამომძიებლებით დაკომპლექტდა. 12 წევრიანი სამსახური უკვე შეუდგა პროკურატურის მუშაკთა საქმეების შესწავლას.
გამოძიების წარმოებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება დაევალა საქართველოს მთავარი პროკურატურის საპროკურორო საქმიანობის კონტროლისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს.