ვფიქრობ, ვინც არ უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლებაში, გააცნობიერებს აზერბაიჯანის მნიშვნელობას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბაქოში , ილჰამ ალიევთან გაფართოებული შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
მისივე თქმით, პრაქტიკულად მშობლიურ ბაქოში ყოფნა ქართული დელეგაციისთვის დიდი პატივია. "ის არა მხოლოდ ერთ-ერთი რეგიონული ცენტრია, არამედ ერთ-ერთია მსოფლიოს შესანიშნავ და საინტერესო ქალაქებს შორის", - აღნიშნა სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა ბაქოში ილჰამ ალიევის ინაუგურაციაზე ვიზიტი გაიხსენა და განაცხადა, რომ არ ეგულება არც ერთი ქვეყანა, მათ შორის უფრო დიდი და მდიდარიც კი, რომელიც ისეთი ტემპებით ვითარდებოდეს, როგორც აზერბაიჯანი.
"ვფიქრობ, ეს თქვენი და თქვენი ხალხის დამსახურებაა. რა თქმა უნდა, ეს არა მხოლოდ ჩემი და ჩემი თანამოქალაქეების, არამედ მსოფლიოს და რეგიონის მოაზროვნე და ინფორმირებული ნაწილის აღფრთოვანებასაც იმსახურებს. მოხარული ვარ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად აზერბაიჯანში იმყოფებოდა. ვფიქრობ, ვინც არ უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლებაში, გააცნობიერებს აზერბაიჯანის მნიშვნელობას და ვერ შეძლებს, არ გააგრძელოს კურსი, რომელიც დაწყებული იყო. ეს კურსი დამოუკიდებელია იმისგან, ვინ არის ხელისუფლებაში. ეს არის ორი ერის კურსი, რომელსაც არ აქვს ალტერნატივა, განვითარების სხვა ვარიანტი სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების გარდა უბრალო მოქალაქეების, ბიზნესის, მთავრობების, პრეზიდენტისა და პრემიერ-მინსიტრის დონეზე", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილისა და ქართული დელეგაციის ვიზიტი ბაქოში დღეს დაიწყო.