საქართველოს სოფლის მეურენობის მინისტრის, დავით კირვალიძის შეფასებით, პრეზიდენტის გუშინდელი განცხადება იყო აბსოლუტურად უპასუხისმგებლო , რამაც შეიძლება საფრთხის ქვეშ დააყენოს ასი ათასზე მეტი საქართველოს მოქალაქის კეთილდღეობა, - ამის შესახებ დავით კირვალიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, უკვე ორი დღეა, რაც საქართველოში იმყოფება 6-კაციანი სპეციალური ჯგუფი, რომლებიც ნორმალურ და გეგმურ ინსპექტირებას უწევენ ღვინის ქარხნებსა და მინერალური წყლის საწარმოებს.
"ანალოგიურ ინსპექტირებას ეწევა ქართული მხარე სხვა ქვეყნებში საჭიროების შემთხვევაში და ამაში გასაკვირი და გასაოცარი არაფერია. 80-ზე მეტ ღვინის კომპანიას და რამოდენიმე წყლის მწარმოებელ კომპანიას აქვს დაფიქსირებული სურვილი, დაბრუნდეს რუსულ ბაზარზე და ჩვენი ხელისუფლება გამოდის ხელშემწყობის როლში მათთვის, რომ მოახდინონ თავიანთი პროდუქციის ინსპექტირება და შემდეგ გააფართოონ თავიანთი საწარმოო არეალი, რათა კიდევ ერთი დამატებითი მიმზიდველი ბაზარი დაიბრუნონ, რასაც უახლოეს მომავალში უნდა მოჰყვეს ხილისა და სხვა პროდუქციის დაბრუნება ამავე ბაზარზე", - აღნიშნა კირვალიძემ.
მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ამ პროცესში ხდება შეურაცხყოფის მიყენება ინსპექტირების ჯგუფის წევრებისთვის. "ის ადამიანები, რომელთა რიტორიკის გამო ჩვენთვის თავის დროზე ეს ბაზარი დაიხურა, დღეს იგივე სტილით განაგრძობენ საუბარს. მაშინ, როდესაც სოფლის მეურნეობა პრიორიტეტად მხოლოდ ქაღალდზე რჩებოდა, ხოლო დღეს რეალურად ეს დარგი ხელისუფლების პრიორიტეტების სიის სათავეშია, ასეთი განცხადებები არ არის ხელშემწყობი. კიდევ ერთხელ მივმართავ ყველას, ხელოვნული ბარიერების შექმნისგან თავი შეიკავონ, რადგან ეს შეიძლება ჩათვლილი იყოს, როგორც მოლაპარაკების ჩაშლის მცდელობა ან უფრო მეტიც, საბოტაჟის მოწყობა ამ პროცესისთვის",-განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
მისივე თქმით, "როსპოტრებნადზორის" დელეგაცია საქართველოს პარასკევს ტოვებს და იმედი გამოთქვა, რომ გადაწყვეტილება იქნება პოზიტიური.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქართველი ჩინოვნიკები რუსეთის მთავარი სანიტარული უწყების ექსპერტების ჩამოსვლის გამო "უკანა თათებზე დამდგარი" დახვედრის გამო აკრიტიკებს.
"ონიშჩენკომ არ დაგვდო პატივი და არ ჩამოვიდა, რადგან ქართველებს მუქთახორებად და უსაქმურებად მიიჩნევს, როგორც თვითონ თქვა, მაგრამ ჩამოვიდა მისი დელეგაცია და უკანა თათებზე დამდგარი შეხვდნენ ჩვენი ჩინოვნიკები. ღვინის ქარხნის წარმომადგენლები აკანკალებული ხელებით უსხამდნენ ღვინოს და თვალებში შესციცინებენ რუს ჩინოვნიკებს. გამახსენდა გოგოლის "რევიზორი". არადა, რა უნდა რუს ჩინოვნიკს, ჯიბეში ჩაუდო ორი "კაპიკი" და წავა ბედნიერი. თქვენ გგონიათ მართლა ქიმიკატების გასაზომად არიან ესენი ჩამოსულები?!, მართლა გგონიათ, რომ ქართულ ღვინოში რამეა?!", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ავლაბრის რეზიდენციაში გუშინ, ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.
მისივე თქმით, ძალიან კონკრეტული კითხვა აწუხებს – "რატომ ვერ გადავლახეთ რუსების სიამოვნების სურვილი?!". "თუ, რუსეთში, სიტყვაზე, ბავარიული ძეხვი შედის შემოწმების გარეშე, ჩვენ რა, ისევ საბჭოთა კავშირში ვართ, როცა რუსეთიდან ჩამოდიოდნენ და დაოთხილები დავრბოდით, რათა მუცელი გვეფხანა მათთვის?! რით ვერ გამოვედით იმ ეპოქიდან, რით ვერ გადავლახეთ ეს კომპლექსი, რაღაც მონური სურვილი, რომ მათ ვასიამოვნოთ. ეს არ არის აბსტრაქტული კითხვა, ესაა კონკრეტული კითხვა, მით უმეტეს იმ პირობებში, როცა არაფერს კონკრეტულს არ გვპირდებიან", - აღნიშნა სააკაშვილმა.