რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ინტერპოლის ეროვნული ბიუროსგან ქართველ დეპუტატ გივი თარგამაძეზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადებისთვის მასალები მიიღო . ამის შესახებ რუსული მედია წერს.
"გენპროკურატურაში შემოვიდა მასალა გივი თარგამაძესთან დაკავშირებით, რომელიც კანონით შესაბამისად იქნება განხილული",- აცხადებენ რუსეთის გენერალურ პროკურატურაში.
ამასთან, რუსული მედია იმასაც წერს, რომ გივი თარგამაძის ადვოკატმა მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობის შეფარდება გაასაჩივრა.
როგორც ცნობილია, მოსკოვის ბასმანის სასამართლომ გივი თარგამაძეს პატიმრობა დაუსწრებლად 21 თებერვალს შეუფარდა. პროცესზე თარგამაძის ინტერესებს ადვოკატი გალინა სტეპანენკო იცავდა, რომელიც სასამართლოს მიერ იყო დანიშნული.
ადვოკატის განცხადებით, ჯერ მასთან კავშირზე არც გივი თარგამაძე და არც მისი წარმომადგენლები არ გასულან.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა გივი თარგამაძე ბლადებულად ცნო რუსეთის ტერიტორიაზე მასობრივი არეულობის ორგანიზებაში "მემარცხენე ფრონტის" ლიდერ სერგეი უდალცოვთან და მის თანაშემწე ლეონიდ რაზვოზჟაევთან კოორდინაციით.
ქართული მხარის ინფორმაციით, გივი თარგამაძე, მოთხოვნის შემთხვევაში, რუსეთს არ გადაეცემა.