საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ტესტირების შედეგად მაღალი შედეგის მქონე პატრულ-ინსპექტორებს დააწინაურებს. როგორც ღარიბაშვილმა საქართველოს საზოგადოებივ საქმეთა ინსტიტუტში სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, ტესტირების შედეგად დაახლოებით 20-მა პირმა ძალიან მაღალი შედეგები აჩვენა და აღმოჩნდა, რომ ისინი პატრულის ჩვეულებრივი ინსპექტორები იყვნენ.
მისივე თქმით, 10 ძალიან მაღალი შედეგის მქონე პირი პატრულ-ინსპექტორი იყო და მათ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება მიეცემათ.
"ბუნებრივია, მე მათ აუცილებლად დავაწინაურებ და მივცემ რეალურ შანს, რომ განვითარდნენ და უფრო მაღალ თანამდებობაზე საკუთარი რესურსების რეალიზაცია მოახდინონ", - აღნიშნა მინისტრმა.
მისივე თქმით, ტესტირების მიზანი იყო, შექმნილიყო საერთო სურათი იმისა, თუ სად არის ნაკლოვანებები, სუსტი მხარეები და ფოკუსირებაც კონკრეტულად ამ სუსტ მხარეებზე გაკეთებულიყო.