თავდაცვის სამინისტრო უწყების მიერ მოვაჭრეებისთვის სატელიტური ანტენების უსაფუძვლოდ ჩამორთმევაზე საუბრობს და საქმეს შემდგომი მოკვლევისთვის სამხედრო პოლიციას გადასცემს .
ამასთან დაკავშირებით ბრიფინგი დღეს სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსმა ანდრია გოცირიძემ გამართა.
ანდრია გოცირიძის განმარტებით, სამინისტრომ ლილოს ბაზრობის მოვაჭრეებისგან შემდგომი გადახდის პირობით, 2012 წლის 7 ივლისს დიდი რაოდენობთ სატელიტური ანტენა წამოიღო. წარმოდგენილი ინვოისების მიხედვით, სულ ჩამორთმეულია 2 719 ანტენა, 1419 "რესივერი" და 479 "ლნბ". ჩამორთმეული საქონლის საერთო ღირებულება 141 616 ლარია. გოცირიძე განმარტავს რომ ანტენების შესყიდვის საჭიროება არ იყო.
როგორც ანდრია გოცირიძემ განაცხადა, აღნიშნულ პროცესში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მაღალჩინოსნები მონაწილეობდნენ. მათ იმავე დღეს საქონლის ნაწილი საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე შეიტანეს. დარჩენილი ნაწილი კი - ოქტომბრის დასაწყისში, რომლებიც მანამდე ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე დასაწყობდა და დაილუქა.
"დასაწყობების პერიოდში საქონლის გადათვლა და შესაბამისი დოკუმენტური აღრიცხვა არ განხორციელებულა. ამასთანავე, სატელიტური ანტენების ნაწილი ოქტომბრის თვეში სხვადასხვა ქვედანაყოფზე განაწილდა, რომელიც შემდგომ აღრიცხვისსა და საბუთების გარეშე, სამხედრო ნაწილებში დამონტაჟდა; ასევე უსაფუძვლოდ გაჩუქდა პირად შემადგენლობაზე. ამჟამად, მე-4 ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე 1 079 სატელიტური თეფში (მათ შორის, 812 კომპლექტის გარეშე) და 285 ცალი "რესივერია" დასაწყობებული" - აღნიშნა გენერალური ინსპექციის უფროსმა.
მისი თქმით, მოგვიანებით, 2012 წლის 12 ივლისს, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ჟ-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის მიერ, ჩამორთმეულ საქონელზე შესყიდვის მოთხოვნა საიდუმლო გრიფით განხორციელდა. ანდრია გოცირიძის განცხადებით, სატელიტური ანტენების შეძენის მიზნობრიობა ვერ საბუთდება
"არ ყოფილა არანაირი კანონმდებლობასთან შესაბამისი შესყიდვის მოთხოვნა. სამხედრო პოლიციის წარმომადგენლების ორგანიზებით მოხდა ლილოს ბაზრობის მოვაჭრეებისგან სატელიტური ანტენების წამოღება. შესყიდვაზე თანხა გადარიცხულია რამოდენიმე დღის შემდეგ. ასევე, კანონის დარღვევით, დაგვიანებით არის გაკეთებული შესაბამისი დოკუმენტაცია შეკვეთასთან დაკავშირებით", - აღნიშნა გოცირიძემ.
მისი თქმით, ეს გარემოება საფუძვლიან ეჭვს იწვევს, რომ სატელიტური ანტენების ჩამორთმევა და შემდგომ შეძენა, აღნიშნულ პერიოდში საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს უკავშირდება.
"სატელიტური თეფშების და მაკომპლექტებელი ნაწილების ბალანსი ერთმანეთს არ ემთხვევა. შესაბამისად, არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი იმისა, რომ ანტენები ამოიღეს იმ მიზნით, რომ არ მომხდარიყო მათი მოსახლეობაზე გაყიდვა" - განაცხადა ანდრია გოცირიძემ.
მისი თქმით, რამდენიმე დღის შემდეგ, შპს "თბილავიამშენი"-ს მიერ საქონელზე თანხების გადახდა განხორციელდა. თუმცა, ერთ-ერთი მოვაჭრისთვის 75 000 ლარი გადასახდელი დარჩა. შესყიდვაზე გადახდილი თანხები ფაქტობრივად არსებულ მონაცემებს არ ემთხვევა. არსებული მონაცემებით, დანაკლისია 520 ცალი სატელიტური ანტენის თეფში და 175 ცალი "რესივერი", სავარაუდო ღირებულებით 22 000 ლარი - ანტენა 15 600 ლარი, რესივერი 6 650 ლარი.
გოცირიძე აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებულ სამხედრო პოლიციის მაღალჩინოსნების გვარებს არ ასახელებს და აცხადებს რომ დღეს საქმე შემდგომი მოკვლევისთვის საამხედრო პოლიციას გადაეცა.