უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, კონსტანტინე კუბლაშვილის განცხადებით, ფოთის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ უწყება მიიღო, დაკითხვაზე მოწმის სახით გამოძახების შესახებ.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კონსტანტინე კუბლაშვილმა განაცხადა, როგორც გაირკვა საქმე ეხება 2009 წელს თავად ამ მოსამართლის მიერ განხილულ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეს.
"პირდაპირ მინდა გითხრათ, უწყების მისვლა მის მიერ განხილულ საქმეზე მოწმედ დაკითხვის თაობაზე, არის პირდაპირი დარღვევა კონსტიტუციით. არავის არ აქვს უფლება, მოსთხოვოს ანგარიში მოსამართლეს კონკრეტულ საქმეზე", - განაცხადა კუბლაშვილმა.
მისივე თქმით, 21-ე საუკუნეში პროკურატურის მხრიდან ასეთი ქმედება სირცხვილია.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განცხაებით, ეს უწყება ფოთის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ მიიღო პროკურორისგან, რომელიც წლების წინ მოსამართლედ მუშაობდა.
"ჩვენ ძალიან კარგად ვიცოდით მისი საგმირო საქმეები და ამიტომ გათავისუფლდა ის მოსამართლეობიდან", - განაცხადა კუბლაშვილმა.
მისივე თქმით, მოუწიდებს პროკურატურას, თავად აღკვეთონ ეს ქმედებები, რადგან ასეთი ქმედებები არავითარი შედეგის მომტანი არ იქნება და კიდევ უფრო დაამძიმებს მათ მდგომარეობას.