მილიონიანი გირაო იმ ხალხის უცნაური ფანტაზიის ნაყოფია, რომელთაც ვერაფრით ვერ დაიჯერა, რომ ჩვენ მთავრობაში მილიონებს არავინ აკეთებდა , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, გიგი უგულავას წაუყენეს ის თანხა, რომელიც ფიზიკურად არ შეიძლება ჰქონდეს.
"მილიონიანი გირაო იმ ხალხის უცნაური ფანტაზიის ნაყოფია, რომელთაც ვერაფრით ვერ დაიჯერეს და მინდა ყველას ვუთხრა, რომ ჩვენს მთავრობაში მილიონებს არავინ აკეთებდა, ვერ გააკეთებდა, არ გააკეთებდა, არ გავაკეთებინებდით და ეს არ იყო ჩვენი მოწოდება. ვერ დაიჯერა ამ ხალხმა, რომ შეიძლება მართლა გულწრფელად გინდოდეს შენი ქვეყნის აშენება და პირადი ჯიბის გასქელება შეიძლება არ იყოს შენი მოტივაცია. რა მილიონებსა და მილიარდებზე გველაპარაკებიან? გველაპარაკება ის ხალხი, ვინც მართლა აკეთებდა ამას 90-იან წლებში და, ვინც დაბრუნდა ახლა თანამდებობებზე. ვისაც ვერ წარმოუდგენია, რომ თუ არ ვაკეთებდით მილიონებს, ესეიგი სულელები და ბრიყვები ვიყავით", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ახლა ის ხალხი მოვიდა, ვისაც ჰქონია, რომ საჯარო სამსახურში ფულს თუ არ აკეთებ, ხარ იდიოტი და სწორედ ამ ფსიქოლოგიის მოსული ხალხია საჯარო სამსახურში.
"შეუძლებელია, ერთდროულად აშენო და ფულიც აკეთო. არ არსებობს ორგმაგი ბუღალტერია; ან ჯიბე ან - აღმშენებლობა. თუ უგულავას შეეძლება, რომ შუშის ხიდი ჩადოს გირაოში, ჩადოს შუშის ხიდი გირაოში, თუ შეიძლება ჩადოს ესტაკადები და ახალი გზები, ჩაადებინოთ ესტაკადები ან იუსტიციის სალხი", - აღნიშნა მიხეილ სააკიაშვილმა.
პრეზიდენტის შეფასებით, გიგი უგულავას პროცესი მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თბილის მერი პრეზიდენტის შემდეგ არის ყველაზე მაღალი ხმების რაოდენობით პირდაპირი წესით არჩეული თანამდებობის პირი საქართველოში.
"ეს არის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებო რამ და ძალიან საგანგაშო. მე ვფიქრობ, რომ თავი ისეთ უხერხულ ვითარებაში არ უნდა ჩავაყენოთ, რომ საქართველოს ზოგადი პრობლემები შეექმნას შემდგომი დემოკრატიზაციისა და კანონის უზენაესობის კუთხით", - დასძინა საქართველოს პრეზიდენტმა.