პატრულის მიერ მოკლული ბუტა რობაქიძის საქმის ყოფილი გამომძიებელი შალვა ნიქაბაძე ირაკლი ფირცხალავას მიერ გავრცელებულ კადრებში უზუსტობებზე საუბრობს.
როგორც შალვა ნიქაბაძემ "პირველი რადიოს" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ვიდეოკადრებში რამდენიმე უზუსტობაა დაფიქისრებული, რაც მას საფუძვლიან ეჭვს აძლევს, რომ ეს კადრები შემთხვევის მომენტში გადაღებული არ არის.
მისივე თქმით, იგი არ არის ექსპერტი და არ შეუძლია იმის მტკიცება კადრები დამონტაჟებულია, თუ ხმა აქვს დადებული, მაგრამ თვალში საცემია, რომ პირველივე წამებზე კადრში ძალიან ბევრი პოლიციის თანამშრომელი ჩანს, როდესაც შემთხვევის ადგილზე იმ მომენტში პატრულის ორი ეკიპაჟი იმყოფებოდა, ანუ საპატრულო პოლიციის ოთხი თანამშრომელი.
ყოფილი გამომძიებლის თქმით, შემთხვევიდან ძალიან მალე გამოცხადებულ იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა, რომელიც, გამოძიების დოკუმენტებშის მიხედვით, გამოცხადებიდან ზუსტად 3 წუთში მივიდა შემთხვევის ადგილზე, კადრში კი სასწრაფო სამედიცინო მანქანა და ექიმები საერთოდ არ ჩანან.
"უფრო მეტიც, კადრებში, ჩანს, რომ პატრულ ინსპექტორები მანქანიდან იღებდნენ კალაშნიკოვის სისტემის ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღს და ერთ ცალ ცეცხლსასროლ იარაღს, მაშინ როცა მე შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მაქვს მეორე კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ორი ცალი რგდ-ს ტიპის ხელმყუმბარა და 330 ცალი ავტომატის ვაზნა, ეს ყველაფერი კადრებში არ ჩანს", - განაცხადა შალვა ნიქაბაძემ.
მისივე თქმით, ასევე როგორც რამდენიმე დღის წინ მიქაძის ადვოკატმა განაცხადა, მიქაძე შემთხვევის ადგილზე დაახლოებით 20 წუთში მივიდა და თუკი ეს კადრები რეალობას შეესაბამება და უწყვეტი კადრებია, შემთხვევის ადგილზე პირველ 10 წუთში ის ვერანაირად ვერ მოხვდებოდა და კადრებშიც არ უნდა ყოფილიყო.
"ეს ნიუანსები მაფიქრებინებს, რომ ეს კადრები არ შესაბამება იმ სურათს, რა სურათიც შემთხვევის ადგილზე იყო", - აღნიშნა ყოფილმა გამომძიებელმა.
მისივე თქმით, მან არ იცის, ირაკლი ფირცხალავასთან როგორ აღმოჩნდა ეს კადრები, თუმცა აცხადებს, რომ მისი ღრმა რწმენით ეს კადრები გურამ დონაძეს უნდა ჰქონოდა. მისი თქმით, გურამ დონაძე ის კაცი არ არის, რომ ასეთი კადრები ვინემსთვის მიეცა, გადაეგდო ან გაექრო.
"ჩემი აზრით, ეს კადრები ბოლომდე გურამ დონაძის ხელში იყო, რადგან შემთხვევიდან დაახლოებით 10 დღეში პირადად მე ვიყავი მისული მასთან, მის სამსახურში, შს სამინსტროში, რათა შავი მასალა წამოეღო, რაზეც დონაძემ განაცხადა, რომ სრულიად შემთხვევით, მუშაობის პროცესში კადრები წაეშალა. თუ კადრები წაშლილი იყო, როგორ მოხვდა ეს კადრები ფირცხალავას ხელში?", - აღნიშნა მან.
მისივე თქმით, იგი თბილისის კრიმინლაური პოლიციის ყოფილი უფროსის ზურაბ ბაქრაძეზე ვერაფერს იტყვის და შემთხვევის ადგილზე არ უნახავას.
რაც შეეხება ყოფილ პატრულს, მაიზერ ლიპარტელიანს, მისი თქმით, ის შემთხვევის ადგილზე ძალიან გვიან მივიდა, გასროლის მომენტში და უახლოეს ერთ 20 წუთში შემთხვევის ადგილზე არ ყოფილა.
"ჩემი აზრით, გაურკვეველია, რატომ ცრუობს მაიზერ ლიპარტელიანი, ასევე რატომ ცრუობს პატრულ-ინსპექტორი, რომელიც ბაშალეიშვილის მეწყვილე იყო, ლევან ლობჟანიძე. ამ პიროვნებებმა ზუსტად იციან, რა მოხდა რეალურად შემთხვევის ადგილზე. ძალიან მაინტერესებს ლობჟანიძე როდის იძახდა სიმართლეს, როდესაც პირადად ჩემთან დაკითხვაზე მეუბნებოდა, რომ ბუტა რობაქიძემ ორჯერ გაისროლა ბაშალეიშვილის მიმართულებით, მაშინ როდესაც მთავარი პროკურატურის გამომძიებელთან განაცხადა, რომ შემთხვევის ადგილზე იარაღები არ უნახავს, თუ ახლა, როდესაც ამტკიცებს, რომ ეს კადრები სინამდვილეს შეესაბამება? ჩემი აზრით, ამ პიროვნებების ჩვენებებზე დაყრდონა არ შეიძლება", – აღნიშნა ნიქაბაძემ.
მისივე ქმით, მაშინ ზურაბ ადეიშვილის მხრიდან საკმაოდ დიდ ზეწოლას ჰქონდა ადგილი.
"არა მარტო მისი მხრიდა,ნ საკმაოდ დიდი ზეწოლა იყო პირადად ჩემზე მაშინდელი ქალაქის პროკურორ გიორგი ღვინიაშვილის მხრიდანაც. იყო მუქარა, რომ ყველაფერს თუ ისე არ გავაკეთებდი, როგორც საჭირო იყო, მე დავტოვებდი სამსახურს და საბოლოო ჯამში ეს მუქარაც შეასრულეს", - აღნიშნა მან.
მისივე მტკიცებით, მას არ აქვს ინფორმაცია, ვინ მიიტანა შემთხვევის ადგილზე იარაღი.
"როდესაც შემთხვევის ადგილზე მივედი, დამხვდა ასეთი სურათი: გურამ დონაძე და ზურაბ მიქაძე ანაწილებდნენ იარაღს დაკავებულ პიროვნებებში, რომლებიც შემდგომში ჩემს მიერ იქნა ამოღებული. ასევე ჩემი შემთხვევის ადგილზე მისვლის დროს გარდაცვლილ ბუტა რობაქიძის გვერდზე იყო ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც კადრებში არ ჩანს", - დასძინა მან.