საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ბესელია ფიქრობს, რომ გიგი უგულავასთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით შეფარდების საკითხზე პროკურატურის მიერ მოთხოვნილი მილიონი ლარი არა თუ ბევრი, შესაძლოა, მწირიც იყოს.
"თბილისის მერს წაყენებული აქვს საკმაოდ მძიმე ბრალდება. საუბარია რამდენიმე მილიონი ლარის უკანონო მითვისებაზე, ხარჯვაზე, ფულის გათეთრებასა და სამოხელეო დანაშაულზე. მთელ ამ ჩამონათვალში ყველაზე მძიმე "იმედის" ეპიზოდია. ასეთ ვითარებაში, სწორედ ბრალდების სიმძიმისა და ზარალის გათვალისწინებით, გირაოს თანხად მოთხოვნილი 1 მილიონი ლარი არა თუ ბევრი, არამედ შეიძლება მწირიც იყოს", - განუცხადა ბესელიამ ჟურნალისტებს აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას.
მისივე განმარტებით, სასამართლოსთვის უცხო არაა პირისთვის გირაოს სახით დიდი ოდენობის თანხის შეფარდების საკითხი. ბესელიამ აღნიშნულის მაგალითად თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი დაასახელა, რომელსაც სასამართლომ 10 მილიონი ლარი შეუფარდა.