რასაკვირველია, პოლიტიკური ოპოზიცია პოლიტიკურ ზეწოლაზე ილაპარაკებს; ეს არის ოპოზიციის დანიშნულება, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მონისტრმა, მაია ფანჯიკიძემ საშინაო საქმეებში ევროკომისარ, სესილია მალმსტრომთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, როდესაც ჟურნალისტის კითხვას გამოეხმაურა - მოიცავს თუ არა შიდა პოლიტიკურ საკითხებს ვიზების ლიბერალიზაციის გეგმა; ასევე, ჟურნალისტის კითხვას რამდენად ეფექტურად წარიმართება ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციაზე მოლაპარაკება, იმ ფონზე, როდესაც გიგი უგულავას ერთმილიონიანი გირაო დააკისრეს, ხოლო პოლიტიკური ოპოზიცია პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობს.
ფანჯიკიძის განცხადებით, სამოქმედო გეგმაში გაწერილია ის საქმე, რომელიც უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ კონკრეტული მიმართულებით, როგორიცაა ადამიანის უფლებები, ანტიკორუფციული საქმიანობა.
"რაც შეეხება იმას, რომ პოლიტიკური ოპოზიცია საუბრობს პოლიტიკურ ზეწოლაზე, რასაკვირველია პოლიტიკური ოპოზიცია ილაპარაკებს პოლიტიკურ ზეწოლაზე. ეს არის დანიშნულება და შეეცდება ნებისმიერი სახის დანაშაული, რომელიც აქვს ჩადენილი ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელს, სავარაუდოდ პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანონ. გამოძიება აჩვენებს, რამდენად არის დამნაშავე ესა თუ ის პიროვნება იმ კონკრეტულ საქმეში, რომელშიც ბრალი აქვს წაყენებული. მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმაზე, რამდენად სწორედ წარიმართა პროცესი", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
რაც შეეხება საშინაო საქმეებში ევროკომისარ, სესილია მალმსტრომს მან აღნიშნა, რომ ამ კითხვაზე კომენტარს ვერ გააკეთებს, თუმცა განაცხადა, რომ, როგორც სხვა საქმეში, ყველა საქმეში კანონის უზენაესობა უნდა იყოს დაცული.