თბილისის მერიის წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებში ჩამოყალიბებულ სამეთვალყურეო საბჭოებში "ნაციონალური მოძრაობის" დასაქმებულ წევრებს ხელფასები გაუორმაგდათ , - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" წევრმა, ჯაბა სამუშიამ განაცხადა, რომელმაც დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე სამეთვალყურეო საბჭოებში "ნაცმოძრაობის" წევრების დასაქმების შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, დასაწყისში საუბარი იყო 36 ადამიანის დასაქმებაზე, გადანაწილებაზე ოთხი საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოებში და თავდაპირველად თითო ადამიანს დაენიშნა 2 500 ლარი, მოგვიანებით კი, ეს თანხა გაუორმაგდათ. კერძოდ, 5 000 ლარი აქვს ხელფასი რუსუდან კერვალიშვილს, აკაკი სეფერთელაძეს, გიორგი ასანიძეს, გიგა ნასარიძეს, ხათუნა ოჩიაურს, გიორგი როინიშვილს, ლაშა დამენიას, ზაალ გამცემლიძეს, რომლებიც თბილისის სატრანსპორტო კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოში არიან დასაქმებულები. ასევე 5 000 ლარი აქვთ ყოველთვიური ანაზღაურება ლაშა მაქაცარიას, მაკა მეტრეველს, ქეთევან მჭედლიძეს, ირმა ნებიერიძეს, კობა ხაბაზს, დავით ჯანიაშვილს, გიორგი სულხანიშვილს, მამუკა სანებლიძეს და ვლადიმერ ვარძელაშვილს, რომლებიც შპს "სინათლის ქალაქის" სამეთვალყურეო საბჭოში მუშაობენ. ასევე, 5 000 ლარს იღებენ ხელფასს ეკატერინე ხერხეულიძე, ბადრი ბასიშვილი, ირაკლი ქავთარაძე, გიორგი ხახმელიძე, გიორგი ქავთარაძე, მამუკა გაჩეჩილაძე, მამუკა ხერხეულიძე, ზაზა ციციშვილი, დავით იონიშვილი და ესენი დასაქმებულები არიან შპს "თბილისის" ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოში.
ასევე შპს "ჰერმესის" სამეთვალყურეო საბჭოში ამავე თანხას, ხელფასის სახით, ასევე 5 000 ლარს იღებს ცხრა დასაქმებული მოქალაქე.
ჯაბა სამუშიას თქმით, თითოეულ ორგანიზაციაზე ყოველთვიურად იხარჯება 45 000 ლარი, ოთხი ორგანიზაციისთვის კი ყოველთვიურად 180 000 ლარი, ასევე ოთხი ორგანიზაციაზე წლიურად ბიუჯეტიდან გათვალისწინებულია 2 160 000 ლარი.
ჯაბა სამუშიას თქმით, 36 ადამიანის დასაქმებაზე წელიწადში გამოყოფილი 2 160 000 ლარი საშუალოდ 4 000 ოპერაციის დაფინანსება იქნებოდა შესაძლებელი თბილისის მოქალაქეებისათვის.
"ჩვენ ვხედავთ, თუ რას ნიშნავს უგულავასთვის დასაქმება. როგორც "თბილსერვის ჯგუფთან" მიმართებაში ყველა დასაქმებულს ერთი ნიშნით ირჩევდნენ, ისინი "ნაციონალური მოძრაობის" წევრები იყვნენ. მათ ხალხი შეჰყავთ შეცდომაში. ეს დასაქმება არ არის. უბედურება ის არის, რომ ცხრა წელი ასეთ პარტიულ პოლიტიკას "ნაცები" დასაქმებას უწოდებდნენ", - აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.
მისივე თქმით, მათი სურვილია, რომ ეს თანხა სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებს მოხმარდეს.