პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, გახმაურებულ სისხლის სამართლებრივ საქმეებს მონიტორინგს საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი გაუწევს. გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისრის, შტეფან ფულეს რეკომენდაციით , აღნიშნულ ჯგუფს თომას ჰამერბერგი უხელმძღვანელებს.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა ჰარვარდის უნივერსიტეტის კონსტიტუციური ცენტრის ხელმძღვანელთან, პროფესორ ლოურენს ლესიგთან შეხვედრისას აღნიშნა, ექსპერტების მოწვევის საკითხი უკვე შეთანხმებულია პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთანაც.
ამასთან უკვე ცნობილია, რომ საერთაშორისო ექსპერტთა მეორე ჯგუფს, რომელიც საქართველოში საკონსტიტუციო პროცესებსა და ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების მიმდინარეობას დააკვირდება და მთავრობას შესაბამის კონსულტაციას გაუწევს, ლოურენს ლესიგი უხელმძღვანელებს.
პრემიერ-მინისტრის შეფასებით, მაღალკვალიფიციური ექსპერტების მუშაობა ერთის მხრივ მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს პოლიტიკური პროცესების სწორად განვითარებას, მეორეს მხრივ კი კარგი საშუალება იქნება ევროპასა და ამერიკაში ობიექტური ინფორმაციის გასატანად.
"იმისათვის, რომ ზუსტი ინფორმაცია გავიდეს ევროპაში და ზუსტად იცოდნენ ამერიკელებმა რა პროცესები და როგორ ვითარდება ქვეყანაში, ძალიან კარგი იქნება რამდენიმე ექსპერტის ჩამოსვლა, რომლებიც საქართველოს საზოგადოების ზოგიერთ წარმომადგენელთან ერთად, რომლებიც არ არიან პოლიტიკოსები და პროცესებში არ მონაწილეობენ, ობიექტურ ინფორმაციას მიაწვდიან ამერიკასა და ევროპას. გარდა ამისა, ძალიან საინტერესო იქნება მათი დასკვნები. მათ შორის ჩვენთვისაც, პოლიტიკოსებისთვის, ორივე მხარისთვის, პოზიციისთვისაც და ოპოზიციისთვისაც. ბატონმა ლესინგმა განაცხადა თანხმობა. კიდევ გვაქვს რამდენიმე ექსპერტთან მოლაპარაკება და უახლოეს მომავალში მოვახერხებთ კარგი გუნდის შეკრებას. ეს აუცილებად დაეხმარება იმ პროცესების განვითარებას, რომლებიც ცოტა გაგვიჭიანურდა და რბილად რომ ვთქვათ, ზედმეტად ემოციურად მიმდინარეობს დღეს საქართველოში", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
ლოურენს ლესიგი საერთაშორისო დონეზე აღიარებული სამართლის აკადემიკოსია. იგი 1993 წლიდან ხელმძღვანელობდა იმ საერთაშორისო ჯგუფს, რომელიც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოს კონსტიტუციაზე მუშაობდა. ლოურენს ლესიგი ასევე სათავეში ედგა ექსპერტთა ჯგუფებს, რომლებიც საკონსტუტუციო რეფორმების საკითხში კონსულტაციას უწევდნენ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს. ლოურენს ლესიგი ჰარვარდის უნივერსიტეტის სამართლის სკოლისა და ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორია.