ევროპარლამენტის "ევროპის ხალხთა პარტიის" ჯგუფის (EPP) ვებგვერდზე გავრცელდა ჯგუფის ვიცე-თავმჯდომარის, შვედი ევროპარლამენტარის გუნარ ჰოკმარკის განცხადება , რომელშიც ის საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
"ის, რასაც ჩვენ ვხედავთ, ქართული დემოკრატიის ძალიან სერიოზული რეგრესი და უკან დახევაა. პრეზიდენტ სააკაშვილისთვის პარლამენტში ყოველწლიური სიტყვით გამოსვლის აკრძალვა და მისთვის სასახლეში დარჩენის ბრძანება, ისევე, როგორც ოპოზიციის წევრებზე ძალადობა, მკაცრად უნდა დავგმოთ. შეძრწუნებული ვიყავი, როცა შევიტყვე, რომ ჩემი კოლეგა, ევროპული კომიტეტის ყოფილი თანათავმჯდომარე პოლიტიკურ, ადამიანთა უფლებების დაცვისა და დემოკრატიის საკითხებში ჩიორა თაქთაქიშვილი დაშავდა "ქართული ოცნების" აქტივისტის მხირდან ძალადობის შედეგად. პოლიცია უძლურია დაიცვას კანონმდებლები პოლიტიკურად მოტივირებული ბრბოს შეტევისგან.
საქართველოში სასწრაფოდ უნდა აღდგეს კონსტიტუციური წესრიგი. ჩვენ ვგმობთ, ადმინისტრაციული ძალების გამოყენებას და ასევე გამოუყენებლობას (საჭიროების შემთხვევაში) პოლიტიკური მიზნებისთვის, შერჩევითი სამართლისთვის და პოლიტიკური ოპოზიციის დაკავებებისთვის, რამდენადაც ისინი ემუქრებიან საქართველოს ევროპაში მჭიდრო ინტეგრაციის ამბიციებს და შესაძლოა, იმოქმედოს ასოციაციის შეთანხმების დასკვნაზე. საქართველოს რეგრესი გასული წლის ოქტომბერში, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შესაძლოა, მალე აისახოს მომავალში აღმოსავლეთ სამეზობლო პოლიტიკაზე~, - განაცხადა გუნარ ჰოკმარკმა.
მისი განცხადებით, კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" წამოიწყო საყოველთაო პოლიტიკური შევიწროების კამპანია პრეზიდენტ სააკაშვილის, მისი პარტიისა და მომხრეების წინააღმდეგ.
"მაგრამ აუცილებელია იმის გაანალიზება, რომ კოჰაბიტაცია და თანამშრომლობა პოლიტიკურ უმრავლესობასა და უმცირესობას შორის დემოკრატიული სტანდარტია, რომელიც არ უნდა გაწყდეს. აუცილებელია, მართლმსაჯულების წინაშე წარდგეს ყველა ის, ვინც ფიზიკურად გაუსწორდა ოპოზიციონერ პარლამენტარებს. ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა შეარყიეს საქართველოსადმი ნდობა საერთაშორისო სცენაზე და ევროკავშირში~, _ განაცხადა შვედმა ევროპარლამენტარმა.