ქუთაისში, იმერეთის საოლქო პორკურატურაში ვანო მერაბიშვილის დაკითხვა უახლოეს ხანში დაიწყება. საოლქო პროკურატურის შენობასთან ყოფილი პრემიერი-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მხარდამჭერებიც არიან შეკრებილი.
როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იტყობინება, აქციის მონაწილეები პროკურატურაში ვანო მერაბიშვილისა და ყოფილი ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკითხვაზე დაბარებას აპროტესტებენ და ხელისუფლებას პოლიტიკური რეპრესიების შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.
აქციის მონაწილეებს თან აქვთ პლაკატები წარწერით: "ხელები შორს ვანოსგან", "არა პოლიტიკურ ძალადობას" და "ვგმობთ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას".
რამდენიმე წუთის წინ აქციაზე მივიდნენ ოპოზიციონერი დეპუტატი გიორგი თევდორაძე და იმერეთის გუბერნატორი ვახტანგ ბალავაძე.
ბალავაძის თქმით, ხელისუფლება, რომელიც სამუშაო ადგილების შექმნით უნდა იყოს დაკავებული, დაკავებულია იმ ადამიანების დევნით, რომლებიც მოქალაქეებს ასაქმებდნენ. "ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ნამდვილად ვასაქმებდით ადამიანებს. ამის არ გვრცხვენია და მომავალში, როდესაც ხელისუფლებაში მოვალთ, კიდევ დავასაქმებთ ხალხს და ვიზრუნებთ იმაზე, რომ ხალხის პირობები იყოს უკეთესი და ქვეყანა განვითარდეს", -განაცხადა ბალავაძემ.
ამასთან, ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკითხვა საოლქო პროკურატურაში ჯერ არ დასრულებულა.