ბათუმში მუნიციპალური ავტობუსების მძღოლები ისევ გაიფიცნენ. 350 მძღოლი დღეს დილიდან ავტოფარეხთან არის შეკრებილი და ხელფასის მომატებას ითხოვს.
როგორც მძღოლებმა აღნიშნეს, მათი საათობრივი ანაზღაურება 3 ლარსა და 80 თეთრს შეადგენს, რაც საერთო ჯამში მცირე თანხა გამოდის. ისინი საათობრივი ანაზღაურების 4 ლარსა და 50 თეთრამდე გაზრდას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციის შეწყვეტას არ აპირებენ.
"რამდენიმეჯერ მოგვატყუეს, ახლა იძულებულები გავხდით, მიგვემართა ამ უკიდურესი ზომისთვის და მანამდე არ შევწყვეტთ აქციებს, ვიდრე არ დაგვაკმაყოფილებენ", - აღნიშნა ემზარ გოგიტიძემ.
ბათუმში ავტობუსის მძღოლებმა გამაფრთხილებელი აქცია ადრეც გამართეს და ხელფასების მომატება მოითხოვეს.