იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ჯანი ბუკიკიოს განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, საქართველოს პარლამენტმა ამნისტიის შესახებ კანონი ვენეციის კომისიის დასკვნის გარეშე დაამტკიცა და განაცხადა, რომ „ მე არ ვწუხვარ იმის გამო, რომ სანამ ვენეციის კომისია ამნისტიის შესახებ კანონთან დაკავშირებით დასკვნას გამოაქვეყნებდა, არაერთი ამნისტირებული პატიმარი დაუბრუნდა თავის ოჯახს“.
რაც შეეხება ვენეციის კომისიის დასკვნას უკვე „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით, მასზე წულუკიანი შენიშვნებს კომისიის ხელმძღვანელობისგან ხვალ დაგეგმილ შეხვედრაზე ელოდება და აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები ვენეციის კომისიის ხელმძღვანელობას ხვალ ხვდებიან.
„შეხვედრის დასრულებამდე ვერ გეტყვით, დაელოდება თუ არა ვენეციის კომისიის დასკვნას ქართული მხარე. ჩემი პოზიცია დამოკიდებული იქნება იმაზე, გაეცნო თუ არა ვენეციის კომისია რამდენიმე კვირის წინ გადაგზავნილი კანონპროექტის პაკეტს. იმედია, უკვე გაეცნო და მასთან დაკავშირებით ხვალ სავარაუდო შენიშვნებიც ექნებათ, თუნდაც ზეპირი. ამასთან, იმედია ხვალვე გვეტყვიან იმ სავარაუდო თარიღს, როდის გეგმავს კომისია პროექტთან დაკავშირებით დასკვნის გაკეთებას“,- განაცხადა თეა წულუკიანმა..
ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო წუხს, რომ „ამნისტიის შესახებ“ კანონი კომისიის მოსაზრებების მიღებამდე დაამტკიცეს.
როგორც ბუკიკიომ განაცხადა, „ამნისტიის შესახებ“ კანონსა და სასამართლოების შესახებ კანონზე ვენეციის კომისიის მოსაზრებები ცნობილი 8-9 მარტს კომისიის მორიგ შეხვედრაზე გახდება.
„ვწუხვარ, რომ „ამნისტიის შესახებ“ კანონი დაამტკიცეს მანამ, სანამ მიიღებდნენ ჩვენს მოსაზრებებს, მაგრამ ამასთან, მესმის იმ ხალხის მდგომარეობა, რომლებიც ციხეებში იყვნენ და ახლახან გაათავისუფლეს ამ კანონის წყალობით. საპარლამენტო ასამბლეის მოთხოვნის შესაბამისად, ჩვენ განვიხილავთ არა მთლიან კანონს, არამედ იმ ნაწილს, რომელიც პოლიტიკურ პატიმრებს შეეხებათ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ შევეცდებით გავარკვიოთ, იყვნენ თუ არა ისინი პოლიტიკური პატიმრები, არამედ ჩვენ შევეხებით მხოლოდ პროცედურულ საკითხებს“, - აღნიშნა მან.