თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ქართული ჯარის სრულყოფილი და ჯანმრთელი კვების უზრუნველსაყოფად მრავალწლიან ტენდერს აცხადებს.
ამასთან დაკავშირებით თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა ბროლაძე დღეს ტენდერში მონაწილეობის მსურველ 50-მდე კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა.
სამინისტროს ინფორმაციით, ტენდერში მონაწილე კომპანიებმა თავდაცვის უწყებას მომსახურების სრული პაკეტი უნდა წარუდგინონ. შესყიდვის ობიექტია საქართველოს სხვადასხვა რაიონში განლაგებული სამხედრო ნაწილების მოსამსახურეთა კვებით უზრუნველყოფა.
„საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აცხადებს ტენდერს, რათა ქართული ჯარის კვება სახელმწიფო საწარმოს მიერ განახორციელოს კერძო კომპანიებმა. ამისათვის, ამ ბიზნესში დასაქმებულ თითქმის ყველა კომპანიას, რომელიც საქართველოში ოპერირებს, ვთხოვეთ მობრძანებულიყვნენ და ერთად გაგვეხილა ის კრიტერიუმები და ძირითადი პირობები, რაც ტენდერის პირობებში უნდა იყოს ჩადებული“, - განაცხადა ზაზა ბროლაძემ.
ტენდერში მონაწილე კოპანიებმა საკუთარი ხარჯებით უნდა განახორციელონ სამზარეულო ინვენტარის შევსება, მოვლა-პატრონობა და შეკეთება. შენობა-ნაგებობების რემონტს, შენახვასა და კომუნალურ ხარჯებს კი საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უზრუნველოფს.