დსთ-თან დაკავშირებით, საქართველომ დღეს იგივე შეცდომა არ უნდა დაუშვას, რაც 1992-1995 წლებში, მიამიტურად მოუვიდა.
ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ვიცე-სპიკერმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა, საქართველომ უკვე არაერთხელ გაიარა პროცესი, როდესაც ხელისუფლება რუსეთთან საერთო ენის გამონახვას ცდილობდა.
„ამ წლებში, პარლამენტში, ზურაბ ჟვანიას გუნდში მეც ვიყავი. მაშინ იყო რწმენა, რომ ამ ნაბიჯით არა მარტო შეჩერდებოდა საქართველოს რღვევა, არამედ დავიბრუნდებდით იმ მომენტისთვის დაკარგულ აფხაზეთს და ცოტა ხნით ადრე დაკარგულ ცხინვალს. რუსეთისგანაც იყო ეს დაპირება და ამიტომ ხმა საქართველოს დსთ-ში გაწევრიანებას მივეცით. ბუნებრივია, ეს იყო მიამიტური ნაბიჯი, რაც 20 წლის გამოცდილების მქონე ქვეყანას აღარ უნდა მოუვიდეს. 2006 წელს, ჩვენც შევეცადეთ მეგობრობის ხელის გაწოდებას რუსეთისთვის, რიტორიკა შევარბილეთ, რომ არ გაგვეღიზიანებინა, თუმცა ამგვარმა პოლიტიკამ არც შევარდნაძის, არც სააკაშვილის და ნოე ჟორდანიას დროსაც კი არ გაამართლა“, - განაცხადა ბარამიძემ.