„ამნისტიის შესახებ“ კანონსა და სასამართლოების შესახებ კანონპროექტზე ვენეციის კომისიის მოსაზრებები ცნობილი 8-9 მარტს, კომისიის მორიგ შეხვედრაზე გახდება.
ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ გადაცემაში - „პოლიტმეტრი“ ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა, ჯანი ბუკიკიომ განაცხადა.
მისი თქმით, სასამართლოების შესახებ კანონიც გადაუდებელი საკითხია, მაგრამ ნაკლებად სასწრაფო, ვიდრე კანონი „ამნისტიის შესახებ“.
"ვიმედოვნებ, რომ პარლამენტი დაელოდება, სანამ ჩვენ რეკომენდაციების საბოლოო ტექსტს მივიღებთ. ბოლო ინფორმაციით, პარლამენტის განზრახვაა დაველოდოთ თვეზე მეტხანს, რათა ჩვენი რეკომენდაციები მიიღონ“, - დასძენს ბუკიკიო.
შეგახსენებთ, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების ახალი წესი განისაზღვრება. ასევე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებისა და მდივნის არჩევას უზრუნველყოფს მოსამართლეთა კონფერენცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის გარეშე. ამასთან, ერთი და იმავე პირი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არ შეიძლება გამწესდეს ზედიზედ ორჯერ, გარდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა. ამას გარდა, მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციულ კომიტეტს უხელმძღვანელებს არა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, არამედ მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული პირი. ასევე პროექტით ხდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების გამიჯვნა სადისციპლინო კოლეგიის წევრებისაგან. ამასთან, ცვლილებებით, უზრუნველყოფილია სასამართლო სხდომების მეტი გამჭირვალეობა და საზოგადოებისათვის სხდომაზე განხორციელებული ვიდეო/აუდიო ჩანაწერების ხელმისაწდომობა.