საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი დავით დარჩიაშვილი კოლეგების ზურაბ ჯაფარიძისა და სერგო რატიანის საქართველოს ეკლესიისადმი მიმართვის პათოს უერთდება.
როგორც ჟურნალისტებს დარჩიაშვილმა განუცხადა, ეკლესიას არავინ უპირისპირდება.
„ეკლესიას თავისი შეუცვლელი დანიშნულება გააჩნია, მაგრამ როცა ის თავისი ერთადერთი დანიშნულების გარდა, საუბარს იმაზე იწყებს, რომ პუტინისგან შეიძლება ველოდოთ სიკეთეს, ქართულ-რუსული ურთიერთობების გაუმჯობესებას და თითქოს ის მრავალსაუკუნოვანი ბრძოლა, რომელსაც აქვს ადგილი, არის გაუგებრობა და ცალკეული ადამიანის არასწორი ქმედების შედეგი, ვფიქრობ, რომ ეს არასწორია“, - აცხადებს კანონმდებელი.
დეპუტატები ზურაბ ჯაფარიძე და სერგო რატიანი საქართველოს სამოციქულო ეკლესიას მოუწოდებენ - თავი შეიკავოს ისეთი ქმედებებისგან, რომლებიც შეიძლება ოკუპანტი სახელმწიფოს მიერ ქვეყნის ინტერესების საზიანოდ იქნას გამოყენებული.