„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ეკონომიკური კრიზისის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
ამის შესახებ სოციალურ ქსელში - Facebook ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი წერს.
„ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის ინფორმაციით, ის მაჩვენებლები, რაზეც უმცირესობამ 22 იანვარს გამართულ პრეზენტაციაზე ისაუბრა და რომელსაც საქართველოს მთავრობა უარყოფდა, 25 იანვარს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ საქართველოს საგარეო ვაჭრობის შესახებ გამოქვეყნებული მონაცემებით დადასტურდა.
„უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ, სხვა მონაცემებიც გამოქვეყნდება - როგორიც არის დღგ-ს ბრუნვების, სესხების, დეპოზიტებისა და მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებლები, რაც აგრეთვე ჩვენს მიერ დასახელებულ ციფრებს დაემთხვევა. აღნიშნული ადასტურებს, რომ მთავრობა საგანგებო მუშაობის რეჟიმზე სასწრაფოდ უნდა გადავიდეს და გადამჭრელი ზომები მიიღოს, რათა საბიუჯეტო კრიზისი თავიდან იქნას აცილებული“, - დასძენს ყოფილი პრემიერი.