კომპანია

კომპანია "თბილისის მიკროავტობუსი" განცხადებას ავრცელებს

კომპანია "თბილისის მიკროავტობუსი" მძღოლების საინიციატივო ჯგუფსა და კომპანიის წარმომადგენლებს შორის შეხვედრასთან დაკავშირებით , რომელიც გუშინ გლდანის ავტოპარკში გაიმართა, განცხადებას ავრცელებს, რომელსაც for.ge უცვლელად გთავაზობთ: 

"აღნიშნულ შეხვედრაზე, მძღოლების საინიციატივო ჯგუფის მხრიდან წამოყენებული იქნა 4 მოთხოვნა:
1. მძღოლის ინდმეწარმის სტატუსის გაუქმება.

აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა კერძო კომპანიის კომპეტენციის ფარგლებს სცილდება. თუმცა შპს "თბილისის მიკროავტობუსი" მზად არის მხარდაჭერა გაუწიოს მძღოლებს და იმ შემთხვევაში, თუ საინიციატივო ჯგუფი შეაგროებს მოიჯარე მძღოლების ხელმოწერებს ინდმეწარმეობის სტატუსის გაუქმებასთან დაკავშირებით, კომპანიის წარმომადგენლები დაიწყებენ ამ საკითხზე კონსულტაციებს და იშუამდგომლებენ კომპეტენტურ ორგანოებთან საკითხის შესწავლისა და გადაწყვეტისათვის. 

2. გეგმების (საგზურის გადასახადის) შემცირება.

სამწუხაროდ აღნიშნული საკითხის განხილვა რთულად შესაძლებელია შეზღუდული რიცხოვნობის მქონე საინიციატივო ჯგუფის ფარგლებში, ვინაიდან ყველა სამარშრუტო ხაზს გააჩნია ინდივიდუალური სპეციფიკა მგზავრთნაკადისა და შემოსავლების კუთხით. აქედან გამომდინარე, გეგმების დაკლება მძღოლების ზოგადი მოთხოვნების შესაბამისად არ განხორციელდება. შპს "თბილისის მიკროავტობუსი" მანამდეც აწარმოებდა ხაზების მიხედვით მგზავრთნაკადების დათვლას ("ქრონომეტრაჟს") და კვლავაც ამ პროცესის ინტენსიური დაგეგმვისა და განხორციელების შემდეგ მოახდენს სამარშრუტო ხაზების გეგმების სამართლიან კორექტირებას როგორც დაკლების, ასევე მომატების კუთხით. 

3. მიკროავტობუსების გეგმიური ტექნიკური მომსახურების წარმოება მძღოლებისათვის სასურველ ადგილას.

გასული წლის ბოლოს შპს "თბილისის მიკროავტობუსმა" გაითვალისწინა მძღოლების უმრავლესობის მოთხოვნა და მოახდინა საკუთრებაში არსებული მიკროავტობუსების შპს "ჯითი მოტორსის" (ფორდის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში) სავალდებულო საგარანტიო მომსახურებიდან მოხსნა. შემდგომში, გეგმიური ტექნიკური მომსახურების თითოეული ელემენტის (ძრავის ზეთი, ხუნდები, ჰაერისა და საწვავის ფილტრი და ა.შ.) ფასისა და ხარისხის შეთანხმება მოხდა მძღოლებთან ინტენსიური კონსულტაციების შედეგად. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, კომპანიისთვის მეტად მნიშვნელოვანია ამ საკითხის გაკონტროლება. შესაბამისად, გეგმიური ტექნიკური მომსახურების გავლა ყოველთვის განხორციელდება შპს "თბილისის მიკროავტობუსის" მიერ მითითებულ სერვის ცენტრებში. ამასთანავე, კომპანია გამოთქვამს მზდყოფნას, ყოველთვის გაითვალისწინოს მძღოლების სამართლიანი შენიშვნები გეგმიური ტექნიკური მომსახურების როგორც პროცესთან, ასევე ხარისხსა და ფასებთან დაკავშირებით. 

4. გათავისუფლებული მძღოლების სამარშრუტო ხაზებზე აღდგენა.

გათავისუფლებული მძღოლების სამარშრუტო ხაზებზე უპირობოდ დაბრუნებას კომპანია არ განიხილავს. ეს საკითხი შესაძლებელია მხოლოდ გადაწყდეს ინდივიდუალურად, თითოეული მოიჯარე მძღოლის დარღვევის ხარისხიდან გამომდინარე", - ნათქვამია განცხადებაში.