თბილისის მიკროავრობუსების მძღოლები დღეს, 10:30 საათზე, დედაქალაქის მერიასთან აქციას გამართავენ. მძღოლები ყველა სამარშუტო ხაზის წარმომადგენელს მოუწოდებენ, მივიდნენ აქციაზე და პროტესტს ფართომასშტაბიანი სახე მისცენ, რათა მათი მოთხოვნები დაკმაყოფილდეს.
გუშინ კი გლდანის ავტოპარკში "თბილისის მიკროავტობუსის" წარმომადგენლებსა და ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსების გაფიცულ მძღოლებს შორის მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა.
როგორც მოლაპარაკების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს მძღოლებმა განუცხადეს, მთავარ მოთხოვნაზე, რომელიც არის გეგმის შემცირება, "თბილისის მიკროავტობუსის" წარმომადგენლებისგან მიიღეს პასუხი, რომ ამას მონიტორინგი სჭირდება. გაფიცული მძღოლების განცხადებით, ეს დროში გაიწელება, ისინი კი გეგმის შემცირებას მყისიერად ითხოვენ.
რაც შეეხება მეორე საკითხს, ინდმეწარმის სტატუსის გაუქმებას, მძღოლების ინფორმაციით, ამასთან დაკავშირებით "თბილისის მიკროავტობუსისგან" მიიღეს განმარტება, რომ ეს პარლამენტის გადასაწყვეტია. მათივე თქმით, ისინი იურისტებთან გაივლიან კონსულტაციას, რის შემდეგად გაარკვევენ, რამდენად სწორია "თბილისის მიკროავტობუსის" განმარტება აღნიშნულთან დაკავშირებით.
შეხვედრის მონაწილეების თქმით, მათ ერთადერთ მოთხოვნაზე მიაღწიეს შეთანხმებას - ეს არის სხვადასხვა ხაზიდან გათავისუფლებული მძღოლების სამუშაო ადგილებზე დაბრუნება.
შეხვედრა დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა. მძღოლები უკვე მეოთხე დღეა გაფიცულები არიან.