საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა პროკურატურის შუამდგომლობა და ცეზარ ჩოჩელს აღკვეთის ღონისძიებად 200 000 ლარიანი გირაო შეეფარდა .
მოსამართლის გადაწყვეტილებით ცეზარ ჩოჩელი პატიმრობიდან გათავისუფლდება თანხის გადახდისთანავე. მანამდე კი, გადაყვანილი იქნება სასჯელაღსრულების შესაბამის დაწესებულებაში.
პროკურატურამ ცეზარ ჩოჩელისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას იმ მოტივით მოითხოვდა, რომ არსებობს მისი მიმალვისა და მოწმეებზე ზეწოლის საფრთხე. თუმცა დაცვის მხარის განცხადებით, ცეზარ ჩოჩელი მიმალვას რომ ფიქრობდეს, საგამოძიებო პერიოდში დატოვებდა საქართველოს. ამასთან, ჩოჩელის ადვოკატების განცხადებით, მოწმეთა დიდი ნაწილი უკვე დაკითხულია და იგი ვერანაირ ზემოქმედებას ვერ მოახდენს მოწმეებზე.
ამასთან, სასამართლო პროცესზე განცხადება გააკეთა ცეზარ ჩოჩელმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ მისი მხრიდან მიმალვის საფრთხე არ არსებობს.
"თუ ჩემი მხრიდან რომელიმე მოწმესთან კონტაქტი დამყარდება გათავისუფლების შემთხვევაში, თანახმა ვარ, რომ ბრალი დამიმძმდეს. არც ერთ მოწმეს არ დავკავშირებივარ აქამდეც და არც შემდგომში ვაპირებ. სამი ბიჭის მამა ვარ და მინდა, რომ ჩემი შვილები სახელოვანი მამის შვილები იყვნენ და არ მინდა გაქცეულის სახელი დამერქვას", - განაცხადა ცეზარ ჩოჩელმა.
ამასთან, მან განცხადება გააკეთა მის წინააღმდეგ მთავარი მოწმის ნიკოლოზ შაქარაშვილის შესახებ. როგორც ჩოჩელმა აღნიშნა, მასთან კონტაქტი 2010 წლიდან აღარ ჰქონია.
"შაქარაშვილი ერთადერთი მოწმეა, რომელზეც ვერ ვიტყოდი, რომ ჯანმრთელად არის", - განაცხადა ცეზარ ჩოჩელმა.
მცხეთა - მთიანეთის ყოფილ გუბერნატორ ცეზარ ჩოჩელს სამართალდამცავებმა ბრალი 337 - ე და 194 - ე მუხლის მესამე ნაწილით გუშინ წაუყენეს. საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ჩოჩელი 24 იანვარს დააკავეს. გამოძიება მას სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობას და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას ედავება.