თბილისის მერი გიგი უგულავა მერიის თანამშრომლების გახშირებულ დაკითხვას ეხმაურება. აღნიშნულთან დაკავშირებით უგულავამ დღეს განცხადება კაჩინსკის სახელობის სკვერში გააკეთა ,
"მე ეხლა ვიმყოფები კაჩინსკის სახელობის სკვერში, სადაც ყოველდღიურად აქ ამ რაიონში მაცხოვრებელი თანამოქალაქე, უამრავი ბავშვი და მოხუცი სეირნობს. მე მინდა საზოგადოებას ვამცნო, თუ რა კავშირშია ეს ყველაფერი ამ სკვერთან. ბოლო დღეების განმავლობაში პროკურატურის მიერ, თბილისის მერიის ბევრი თანამშრომელი დაიკითხა. პროკურატურა შეეჩვია ქარაგმებით საუბარს და აგრძელებს ამ ტენდენციას. მინდა ავუხსნა საზოგადოებას, თუ რა შუაშია ეს ყველაფერი კაჩინსკის სკვერთან, სადაც ეხლა ბავშვები თამაშობენ. მხედრიონის დროიდან მოყოლებული აქ ამ ადგილას ჟანგისა და ბეტონის ხროვად ქცეული ბენზინგასამართი სადგური იდგა, რომელიც ყველა ესთეტიური და იურიდიული ნორმის მიღმა იმყოფებოდა. მეტსაც გეტყვით, ის საერთოდ არ ფუნქციონირებდა. როდესაც გადაწყდა სკვერის რეაბილიტაცია, მეპატრონესთან შეთანხმებით და თანხმობით ამ ობიექტის დემონტაჟი განხორციელად. სხვათაშორის დღეს პროკურატურას, იგივე მეპატრონის საჩივრის საფუძველზე აღძრული აქვს საქმე და იძიებს თუ რატომ გავაკეთეთ ჩვენ აქ სკვერი და ალბათ დაკითხვაზე დაიბარებენ ბავშვებსაც, თუ რის საფუძველზე თამაშობენ ამ სკვერში. ნიშანდობლივია, რომ 5-10 საათიანი დაკითხვები მიმდინარეობს და პროკურატურამ ერთხელაც არ ჩათვალა საჭიროდ, საზოგადოებას განუმარტოს თუ რას იძიებს. როდესაც თანამდებობის პირებს კითხავენ ბუნებრივი და ლეგიტიმურია საზოგადოებას გააჩნდეს საკითხის მიმართ ინტერესი. ვფიქრობ, ამას ერთი ახსნა აქვს, ის რომ მათ რცხვენიათ. ამ ყველაფერს პროკურატურის მხრიდან მე ავხსნიდი ერთი რამით, ეს არის სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხის გამოძალვის მცდელობა. ეს პიროვნება სახელმწიფოს ედავება 300 000 ლარს. მე დარწმუნებული ვარ, ეს არის ფულის გამოძალვის მცდელობა და შემდეგ ვიღაც გამომძიებლებისთვის ატკატის სახით თანხის მიცემა. სხვა ამას ლეგალური სახე არ გააჩნია. ამ მთავრობასთან დიალოგი პრაქტიკულად შეუძლებელია, ამიტომ რიტორიკულ კითხვას დავსვამ: როდის დაამთავრებს ახალი მთავრობა აი, ამ ჩუკენობას და როდის გადავა ახალი მთავრობა რეალური საქმის კეთებაზე. მე შემიძლია ათობით ობიექტი ჩამოვუთვალო მათ, სადაც ესეთი უკანონო ობიექტები არსებობდა და კანონის სრული დაცვით, პირადად ჩემი დირექტივით მათი დემონტაჟი განხორციელდა. ჩვენ შეგვიძლია კიდევ მრავალ ობიექტზე წავიდეთ, მე თვითონ მივიყვან გამომძიებლებს და ბატონ კბილაშვილს და ვაჩვენებ ბევრ ისეთ ობიექტს, სადაც ეხლა ბავშვები თამაშობენ", - განაცხადა თბილისის მერმა, გიგი უგულავამ.